26 მაისი 2018,   18:05
ვრცლად
ნენსკრა ჰესის მშენებლობა - "კურიერისთვის" გასაიდუმლოებული ხელშეკრულების დეტალები გახდა ცნობილი

საქართველოს ნენსკრა ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის სრულად შეძენის ვალდებულება აქვს და ამაში 36 წლის განმავლობაში 8-ნახევარ ცენტს გადაიხდის, რაც ნებისმიერ სხვა ფასთან შედარებით ორჯერ მეტია. ეს ვალდებულება ოფიციალურმა თბილისმა 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით აიღო.

„კურიერისთვის“ ცნობილი ხდება კიდევ ერთი გასაიდუმლოებული ხელშეკრულების დეტალები, რომელიც საქართველომ კორეის სახელმწიფო კომპანიასთან გააფორმა.

აღნიშნული დოკუმენტიდან გამომდინარე, დარგის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ნენსკრა ჰესის პროექტი ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდას გამოიწვევს.

ხელშეკრულების უმეტესი ნაწილი გასაიდუმლოებულია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მსგავსი პუნქტები, რომელიც ქვეყანას დააზარალებს, მასში კიდევ ბევრი იქნება.

დღეს ცნობილი ხდება, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ნენსკრა ჰესის დაფინანსების საკითხის განხილვა კიდევ ერთხელ გადადო. ამ დრომდე უცნობია, მიზეზი, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება EBRD-მა. ოფიციალური განმარტება ევროპულ ბანკს არ გაუკეთებია.

პარალელურად, ცნობილი ხდება ნენსკრა ჰესის პროექტის შესახებ ბენკ ვოჩის დასკვნა, სადაც წერია, რომ ჩატარებული კვლევები და ფინანსური გაანგარიშებები არ არის საკმარისი მშენებლობისთვის მწვანე შუქის ასანთებად.

სვანეთში, იქ სადაც ნენსკრა ჰესი უნდა აშენდეს, ზვავი ჩამოწვა. სტიქიის შედეგად, რამდენიმე მუშა, რომელიც სამუშაოებზე იყო დასაქმებული, სამშენებლო ზონაში ჩარჩა და მათი გამოყვანა მხოლოდ სპეცტექნიკის დახმარებით სამი დღის შემდეგ მოხერხდა.

ადგილობრივი მოსახლეობა ყვება, რომ ბოლო სტიქია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სვანეთში ასეთი მასშტაბური ჰესების მშენებლობა საშიშია და სტიქიის განმეორების შემთხვევაში შესაძლოა, ქვემო სვანეთი და სამეგრელო დაიტბოროს.

ნენსკრა ჰესის აშენების შემთხვევაში კავკასიონის ფერდობზე მთლიანად უნდა გაიჩეხოს 700 ჰექტარი უნიკალური ტყე. მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ ეს ქვეყანას ბუნებრივ კატასტროფამდე მიიყვანს. 

დღის ამბები