19 თებერვალი 2018,   14:14
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები, რუსთავი 2-ის საქმე, მუხთარლის გატაცება - HRW-ის ანგარიშში კრიტიკის ობიექტი რამდენიმე ფაქტი გახდა

Freedom House-ის შემდეგ HUMAN RIGHTS WATCH - საქართველოში მიმდინარე მოვლენები კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთი გავლენიანი ორგანიზაციის მხრიდან გახდა. დასავლური უფლებადამცველი ორგანიზაციის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველო საკონსტიტუციო რეფორმით, რუსთავი 2-ის საქმით, აფგან მუხთარლის გატაცებითა და იმ პრობლემებით მოხვდა, რომელიც დოკუმენტის ავტორების აზრით, ძალოვან უწყებებში არსებობს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული ტემპებით, ფართო კონსენსუსის მიღწევის გარეშე მიიღო. ანგარიშში გაკრიტიკებულია სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე პასუხისმგებლობის ნაკლებობა.

HRW-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის, "რუსთავი 2-ის" საკუთრების საკითხზე დავა შეშფოთებას იწვევდა ხელისუფლების მედიაში ჩარევის თაობაზე.

HUMAN RIGHTS WATCH-ის ანგარიშში აღნიშნულია სექსუალურ ორიენტაციასთან და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული პრობლემები. ხაზგასმულია კონსტიტუციაში ქორწინებაზე გაკეთებული ჩანაწერი, რამაც შესაძლოა, ჰომოფობია გააძლიეროს.

კვირის დასაწყისში, როდესაც Freedom House-ის ანგარიში გამოქვეყნდა, პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა ივარაუდეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების, ასევე აფგან მუხთარლის გატაცება მხოლოდ ამ ორგანიზაციის ანგარიშში არ მოხვდებოდა. მათი აზრით, ანალოგიურად მკაცრი იქნება შეფასება სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშშიც, რომელიც გაზაფხულზე გამოქვეყნდება.

დღის ამბები