16 ოქტომბერი 2018,   02:24
ვრცლად
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის განცხადება

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 "ევროპული საქართველოს" განცხადებას ეხმაურება. 

NDI-ის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის მონაცემების დამუშავებისა და სისტემაში შეყვანის დროს, 18 იანვარს "კურიერში" 21.00 საათზე, გაიპარა შეცდომა. კვლევის პოლიტიკური ნაწილი შედგებოდა სამი სლაიდისგან: 54-ე სლაიდზე დატანილი იყო 4 პარტიის "ქართული ოცნების", ენმ-ის, "ევროპული საქართველოს" და "პატრიოტთა ალიანსის" მაჩვენებლები. შემდეგ იყო დინამიკა - როგორ იცვლებოდა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა. ამ სლაიდზე "ევროპული საქართველო" იყო მოხსენიებული სხვა პარტიებს შორის.

PDF ფაილიდან სისტემაში მონაცემების გადატანის დროს მოხდა მექანიკური შეცდომა - ეთერში ითქვა, რომ 12-დან 4 პროცენტამდე დაეცა "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერთა რიცხვი. ტექსტი კი უნდა ყოფილიყო - 12%-მდე დაეცა სხვა პარტიების მხარდამჭერთა რიცხვი. ტელეკომპანია აცნობიერებს, რომ NDI-ის კვლევებში "ევროპულ საქართველოს" არასდროს ჰქონია მოქალაქეების 12% მხარდაჭერა და შესაბამისად, ვერ მოხდებოდა მისი კლებაც.

აღნიშნულთან დაკავშირებით იმ დღესვე მოხდა კომუნიკაცია "ევროპული საქართველოს" ლიდერებთან. ტელეკომპანიამ აღიარა შეცდომა და პარტიის წარმომადგენლებს განემარტათ მომხდარის დეტალები.

რუსთავი 2 აპირებდა დღეს იმავე ფორმატში არაზუსტი ინფორმაციის უარყოფას. სამწუხაროდ, "ევროპულმა საქართველომ" სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით გაავრცელა არაკორექტული და სიცრუის შემცველი განცხადება (საუბარია პარტიის განცხადების ბოლო ნაწილზე) და გაიმეორა ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ნარატივი რუსთავი 2-თან დაკავშირებით.

დარწმუნებული ვართ, საპარლამენტო უმცირესობის ეს განცხადება გამოყენებული იქნება ხელისუფლების მიერ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ პროდასავლური მსხვილი ოპოზიციური პარტიისთვის, რომლისთვისაც, ისევე როგორც ყველა სხვა პროდასავლური პარტიებისთვის, ერთადერთი მედიაპლატფორმა რუსთავი 2-ია, სრულიად დაუშვებელი და უპასუხისმგებლოა ამ შინაარსის განცხადებების გავრცელება.

საჭიროდ მივიჩნევთ, მოვუწოდოთ "ევროპულ საქართველოსა" და მის ცალკეულ ლიდერებსა და წევრებს, გავრცელებული არაკორექტული განცხადების გამო მოუხადონ ბოდიში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს, რათა მომავალშიც გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩვენ შორის.

 

 

დღის ამბები