19 სექტემბერი 2017,   22:52
ვრცლად
ოქიტაშვილს და ზენაიშვილს ერთი დამრიგებელი ჰყავთ - ირაკლი პეტრიაშვილი

კულტურის პალატის ხელმძღვანელმა, დავით ოქიტაშვილმა, პროფკავშირების თავმჯდომარეობის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ოქიტაშვილმა ამ გადაწყვეტილების მიზეზიც დაასახელა. მას სურს გაერთიანებული პროფკავშირების ყრილობის დელეგატებს დაუმტკიცოს, რომ ის მთავრობის კანდიდატი არ არის.

ოქიტაშვილი პროფკავშირებიდან წასვლას არ აპირებს. ის ასევე აღნიშნავს, რომ დღევანდელი ყრილობა წესების დარღვევით ტარდება და ამ საკითხზე ბრძოლას სასამართლოში გააგრძელებს.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეობის კანდიდატი, მოქმედი თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი დავით ოქიტაშვილს „სამთავრობო პროექტს“ უწოდებს და მის ბრალდებებს პასუხობს. მისი თქმით, მან ორგანიზაცია ოქიტაშვილისა და ზენაიშვილის მსგავსი კანდიდატურებისგან უნდა დაიცვას.

„ორივე კანდიდატი არის, ასე ვთქვათ, საწყისი და ფუძე ერთი აქვთ, დამრიგებლები ერთი ჰყავთ. ვინ კეთილ პოლიციელს, ვინ ბოროტ პოლიციელს თამაშობს, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. პროკურატურა, სასამართლო და ა.შ. ეს არის შანტაჟის ასე ვთქვათ, გაგრძელება, თორე აქ რაც იყო ყრილობაზე, ყველაზე კარგად დელეგატებმა უნდა გადაწყვიტონ და აქ წარმოედგინა თუ რამე ჰქონდა სათქმელი,“ - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

მისი თქმით, პროფკავშირები დამოუკიდებელია და ის სწორედ ასეთი უნდა იყოს.

„მათდა სამწუხაროდ, სწორედ ასეთია პროფკავშირები, ჩემდა საამაყოდ, სწორედ ასეთია ორგანიზაცია,“ - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

ყრილობის დელეგატებს არჩევანის გაკეთება ამირან ზენაიშვილსა და ირაკლი პეტრიაშვილს შორის მოუწევთ. გაერთიანებული პროფკავშირების ახალი თავმჯდომარის ვინაობა დღესვე გახდება ცნობილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები