19 სექტემბერი 2017,   22:45
ვრცლად
კორუფციის ნიშნები კალათბურთის ფედერაციაში და ბიუჯეტიდან გადახდილი 2 მილიონი ევრო

კალათბურთის ფედერაციას, კერძოდ კი ფედერაციის გენერალურ მდივანს, გიორგი ქართველიშვილს, კორუფციაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი ახალგაზრდა კალათბურთელის, ლუკა ბულაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც კალათბურთის ფედერაციამ და კერძოდ, გიორგი ქართველიშვილმა, ახალგაზრდა სპორტსმენის ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე ბასკონიაში მომზადების გასავლელად, უარი განუცხადა, ოჯახმა თანხა თავად გადაიხადა.

მიუხედავად ამისა, ლუკა ბულაშვილის მამა, ლევან ბულაშვილი ამბობს, რომ თანხის გადახდის შემდეგ აღმოაჩინა საბუთები, რომელთა მიხედვით, მისი შვილი დაფინანსებული კალათბურთელების სიაში იყო და ამისთვის ბიუჯეტიდან ბასკონიაში 30 000 ევრო გადაირიცხა.

ამის შესახებ ბულაშვილებმა საქმის კურსში ჩააყენეს სპორტის მინისტრი, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრიც, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაძლო ფულის მითვისების ფაქტი რეაგირების გარეშე დარჩა.

ფედერაციას ახალგაზრდა კალათბურთელების დაფინანსება 2 მილიონ ევროზე მეტი დაუჯდა. ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ სპორტსმენების ხარჯზე გარკვეული პირები დიდ თანხებს ითვისებენ. როგორც ცნობილია, გადარიცხვის დროს შუამავალი გიორგი ქართველიშვილია.

ფედერაციაში აცხადებენ, რომ საბუთებში ლუკა ბულაშვილის ჩასმა მხოლოდ ფორმალობა იყო.

ამ საქმეზე 1 წლის წინ ანტიკორუფციულმა სამსახურმა გამოძიება დაიწყო, თუმცა, საკითხის შესწავლის შემდეგ, უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეში დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა და შესაბამისად, გამოძიება არ დაწყებულა.

დღის ამბები