24 ნოემბერი 2017,   03:57
ვრცლად
„ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის და მისი ოჯახის ცემის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია - დეტალები არ ხმაურდება

ახალციხეში ოპოზიციის აქტივისტებზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო. დაშავებული, ბეგლარ კაპანაძე აცხადებს, რომ ოჯახის წევრებთან ერთად მომავალს გზა „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა მანქანებით გადაუკეტეს. "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის განცხადებით, სატვირთო ავტომანქანიდა ის ძალით გადმოიყვანეს და სცემეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი ყვება, რომ მას ფიზიკურად შურისძიების მოტივით პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, მათ შორის, მერის ყოფილი მოადგილე, ზაზა გელაძე, გაუსწორდნენ. თავად ზაზა გელაძე "კურიერთან" კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. 

დაზარალებული ბეგლარ კაპანაძე იხსენებს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებამდე, თავდამსხმელებმა მას პოლიტიკური წარსული და „ნაციონალურ მოძრაობაში“ მუშაობა შეახსენეს. 

სამართალდამცავებმა დაზარალებულები კლინიკაში დაკითხეს. ჯერჯერობით უცნობია, მისცეს თუ არა ჩვენება თავდასხმაში ბრალდებულებმა.

ნაცემი აქტივისტები დღეს ახალციხის კლინიკაში მოინახულეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა. გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ სახეზეა პოლიტიკური ანგარიშსწორება და წინასაარჩევნოდ ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობა.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლითაა აღძრული. თუმცა, რა ეტაპზეა ძიება, სამართალდამცველები ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებენ. 

დღის ამბები