02 ივლისი 2020,   16:46
ვრცლად
გერმანიის ელჩმა დიპლომატიური შეცდომა დაუშვა, რადგან ხელი არ შეუწყო კონსენსუსს და კონფლიქტი გააღრმავა - სალომე სამადაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სალომე სამადაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებებსა და მის თანმდევ რეაქციებზე ისაუბრა. სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ელჩმა დიპლომატიური შეცდომა დაუშვა, რადგან მისმა განცხადებებმა კონსენსუსის მიღწევას კი არ შეუწყო ხელი, არამედ მხარეებს შორის კონფლიქტი გააღრმავა. 

"გერმანიის ელჩმა, პირველ რიგში, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა სხვა დიპლომატები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ მოლაპარაკებებში, რადგან მან საკმაოდ განსხვავებული შეფასება გააკეთა პროცესთან დაკავშირებით. ჩვენ კვირების განმავლობაში გვესმის აშშ-ს, ევროკავშირის ელჩის განცხადებები, რომ უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი. ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან სერიოზული დოკუმენტის ინიცირება მოხდა ამერიკის სენატში, სადაც პირდაპირ არის მითითებული ამ შეთანხმების პუნქტები, რომელიც უნდა შესრულდეს და ამ დროს გერმანიის ელჩის განცხადება იყო საკმაოდ განსხვავებული ამ ძირითადი გზავნილებისგან, რაც ჩვენ გვესმოდა. ჩემი მისდამი პატივისცემის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად, ეს იყო დიპლომატიური შეცდომა.

მე შემიძლია ჩემი განცდა გითხრათ - გერმანიის ელჩს, როგორც ჩანს, ჰქონდა ძალიან დიდი სურვილი, რომ ოპოზიციას მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, იმიტომ, რომ მოდი თავი არ მოვიტყუოთ, რეალურად, საკონსტიტუციო ცვლილება მიღებულ იქნა, მაგრამ პოლიტიკური კონსენსუსი ამ საკონსტიტუციო ცვლილებებში არ აისახა, რადგან ოპოზიციამ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. ვფიქრობ, გერმანიის ელჩს სურდა პროცესი აქეთკენ წარემართა და ამიტომ გააკეთა ეს განცხადება, რაც გააკეთა.

რაც შეეხება რეაქციას გერმანიის ელჩის განცხადებებთან დაკავშირებით - ვფიქრობ, რომ ზოგიერთი რეაქცია იყო შორს წასული. ყველას აქვს აზრის დაფიქსირების უფლება, მაგრამ როდესაც შენ გადადიხარ ისეთ რიტორიკაზე, რაც ჩვენ გავიგეთ, რაც არის იერიშის მიტანა თუნდაც დიპლომატიურ ეტიკეტზე, იქ გასაგებია ევროკავშირის განცხადება. რადგან, გარკვეულწილად, შორს წავიდა შესაბამისი რეაქციები. თუმცა, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს სრული თავისუფლება დავეთანხმოთ, ან არ დავეთანხმოთ გამოთქმულ აზრებს. ამ შემთხვევაში, ჩემი შეხედულებით, გერმანიის ელჩის მხრიდან შეცდომა იმაში იყო, რომ მისმა განცხადებამ ხელი არ შეუწყო პროცესში კონსენსუსის მიღწევას და პირიქით - გარკვეულწილად, გააღრმავა კონფლიქტი და, საბოლოო ჯამში, თუ უკუშედეგს იღებ, რისი მცდელობაც გაქვს (მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი მცდელობა იყო ხელი შეეწყო კონსენსუსის შექმნისთვის) და მიიღო უკუშედეგი, ეს, რა თქმა უნდა, არის დიპლომატიური შეცდომა,"-განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ 26 ივნისს გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა ნახსენები არ ყოფილა. 

ამ განცხადების შემდეგ, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გერმანიის ელჩის გაწვევა მოითხოვა.

ასევე, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ სასურველია, ისეთ ქვეყანას, როგორიც გერმანიაა, საქართველოში უფრო გამოცდილი ელჩი ჰყავდეს.

ამასთან, 28 ივნისს ონლაინ გამოცემა "ტაბულამ" გამოაქვეყნა სტატია სათაურით:"კნირში 20 ივნისზე: პოლიციამ ხალხის საქციელის პირდაპირპროპორციულად იმოქმედა". სათაური შეიცვალა, ვინაიდან საქართველოში გერმანიის საელჩომ "ტაბულას" რედაქციას წერილით მიმართა. სადაო გახდა ის, ფრაზა "პოლიციის რეაქცია საჭიროების შემთხვევაში გადაჭარბებული არ არის", ნიშნავს, თუ არა იმას, რომ გამოყენებული ძალა პროპორციული იყო.

შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ:

"ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის, წინააღმდეგ. ყველა აქტორმა, ვინც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას, თავი უნდა შეიკავოს უპატივცემულო ხასიათის ბრალდებებისგან და დაიცვას ღირსება ყველა იმ ადამიანისა, რომელიც აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში".

დღის ამბები