02 ივლისი 2020,   16:08
ვრცლად
ყოფილი შეყვარებულის დაწვის მცდელობა - სავარაუდო დამნაშავეს 15 წლით პატიმრობა ემუქრება

23 წლის გოგო, რომლის დაწვაც მისმა ყოფილმა შეყვარებულმა სცადა, სხეულის 37%-ის დამწვრობით რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

მამაკაცმა ქალს საკუთარ სახლთან ჯერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მისი დაწვა სცადა. ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებითაა დაკავებული. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ნივთმტკიცებაც - ბენზინის ბოთლი.

ვახუშტი ბაგრატიონის 45 ნომერთან მძიმე დანაშაულის კვალი ჯერ არ გამქრალა. ძალადობაში დამნაშავემ წინასწარ ხელოვნური ბარიერები აღმართა, რათა, სავარაუდოდ, არავის შეეშალა ხელი წინასწარ დაგეგმილ მკვლელობაში.

23 წლის ქალს 24 წლის ყოფილმა შეყვარებულმა საკუთარ სახლთან მიაკითხა, ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.

ამ შემთხვევას არაერთი თვითმხილველი ჰყავს, რომელთა დახმარებითაც დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში დროულად გადაიყვანეს. მას დამწვარი აქვს სხეულის 37%.

როგორც საქმის გარემოებებით დგინდება, წინასწარ განზრახული მკვლელობის შესასრულებლად 24 წლის მამაკაცი დანაშაულის ადგილიდან მოშორებით მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე მივიდა, ბოთლით შეიძინა საწვავი და ყოფილი შეყვარებულის საცხოვრებელი სახლის მისამართისკენ გაემართა. ობიექტზე, სადაც დაკავებულმა ბენზინი იყიდა, დღეს საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა, რომელშიც პასუხისგებაში მიცემული პირიც მონაწილეობდა.

დანაშაულის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ბოთლიც. სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ დღეს დილით დააკავა. იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული დაუმტკიცდა, მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები