02 ივლისი 2020,   17:12
ვრცლად
ბაგების სისხლიანი გარჩევის საქმეზე მერაბ ხიდაშელსა და მამუკა გურჩიანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

ბაგების სისხლიანი გარჩევის მონაწილეებს, მერაბ ხიდაშელსა და მამუკა გურჩიანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

მერაბ ხიდაშელს ბრალი შეუმსუბუქეს და მას ძალადობას ედავებიან. დაკავებული დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს. რაც შეეხება მამუკა გურჩიანს, ის ბრალს აღიარებს, თუმცა აცხადებს, რომ მომხდარი ბიზნეს დავას არ უკავშირდება.

"ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს, მეორე ნაწილთან შედარებით, მსუბუქია. ედავებიან, რომ ძალადობა განახორციელა პირის მიმართ, რომელსაც საერთოდ არ იცნობს, აბსურდული ბრალია, ადამიანი უდანაშაულოა, ამ საქმეში საერთოდ არ აქვს მონაწილეობა მიღებული. საქმის მასალები გადმომეცა და გავეცნობი. ბრალს კატეგორიულად არ აღიარებს. მას ერთი ადამიანი ადებს ხელს, რომელსაც არც კი იცნობს," - აცხადებს მერაბ ხიდაშელის ადვოკატი დავით კორკოტაშვილი.

მამუკა გურჩიანის ადვოკატის განმარტებით დაკავებული ბრალს აღიარებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მომხდარი ფაქტი ბიზნეს დავას არ უკავშირდება.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ მომხდარი წილების გადანაწილების საკითხს საერთოდ არ უკავშირდება. როგორც ის მეუბნება ურთიერთშელაპარაკება მოხდა, მანქანის გადაყენება-არგადაყენებას მოჰყვა ეს ყველაფერი. თუმცა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფილი ბრალს აღიარებს," - ამბობს მამუკა გურჩიანის ადვოკატი კობა ამბარდნიშვილი.

ცნობისთვის, ბაგებში მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ ხიდაშელის გარდა, კიდევ ერთი პირი, მამუკა გურჩიანი დააკავეს. მერაბ ხიდაშელის ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მამუკა გურჩიანს კი ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - შენახვა- ტარებას გულისხმობს.

დღის ამბები