05 ივლისი 2020,   05:29
ვრცლად
ენმ თბილისში 8-დან 6 საარჩევნო ოლქს თმობს - ნიკა მელიას გადაწყვეტილებას ოპოზიციაში დადებითად აფასებენ

ნიკა მელიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თბილისში 8-დან 6 საარჩევნო ოლქს თმობს და საარჩევნო კამპანიას მხოლოდ სამგორსა და გლდანში იწყებს, შეფასებები მოჰყვა სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერების მხრიდან. ისინი "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ამით საშუალება მიეცემა დანარჩენ პარტიებსაც, რომ საკუთარი კანდიდატურა სხვადასხვა ოლქებში წარადგინონ, რითიც მათი თქმით, "ქართული ოცნების" არჩევნებში დამარცხების შანსი კიდევ უფრო გაიზრდება. ოპოზიციური პარტიები რეგიონულ ოლქებში წარსადგენ კანდიდატებზეც მსჯელობენ.

"ეს კარგი წინ გადადგმული ნაბიჯია და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ახლა ამას მოჰყვება საქმე და ძალიან მალე შევთანხმდებით პირველ რიგში თბილისზე, როგორც ეს იყო ნათქვამი დღეს, მათ შორის ნიკა მელიას განცხადებაში. შემდეგ უკვე რეგიონებში, კონკრეტულ ოლქებში განსაკუთრებით ურბანულ ცენტრებში,"- აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე.

"ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ისეთ ფორმულაზე შეჯერება, რომელიც "ქართული ოცნების" კანდიდატის დამარცხებას უზრუნველყოფს ყველა მაჟორიტარულ ოლქში.

"ლელო საქართველოსთვის" ვრჩებით დისკუსიის რეჟიმში ოპოზიციურ პარტიებთან, დიალოგის რეჟიმში იმისთვის, რომ შევეცადოთ შევაჯეროთ ჩვენი პოზიციები თბილისში საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებით. შევეცდებით, რომ ისეთ ფორმულაზე შევჯერდეთ, რომელიც უზრუნველყოფს თბილისში ყველა მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატის დამარცხებას," - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ხელისუფლების შეცვლისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" და ნიკა მელიას გადაწყვეტილებას "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა:

"დღეს ჩვენ ქართულ ოპოზიციასა და საზოგადოებას დღის წესრიგში გვიდგას, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს ეს ხელისუფლება, თუ გვაქვს სურვილი რომ ეს ქვეყანა განვითარდეს. სწორედ ამ ცვლილების ერთ-ერთი მექანიზმი შესთავაზა დღეს ნიკა მელიამ საზოგადოებას და უთხრა, რომ ეს არის ფორმულა - სწრაფვა ერთიანობისკენ.მან ფაქტობრივად შესთავაზა, რომ დღეს არა მაჟორიტარები და სხვადასხვა პოსტები, უფრო დიდი ინტერესის საგანი არის ხალხის პრობლემები," - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" წევრი ანზორ ბიწაძის შეფასებით დღევანდელი გადაწყვეტილება ქართულ ოცნებას ართმევს ერთ-ერთ მთავარ კოზირს მომავალ არჩევნებში, რაც ოპოზიციის შიგნით პოლარიზებას გულისხმობს.

"ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს შემდგომში ოპოზიციურ ერთობას მთელ რიგ საკითხებში და რა თქმა უნდა ეს ხელს უშლის იმ პოლარიზებას, რომელსაც ქართული ოცნება განიხილავდა თავის  ერთ-ერთ მთავარ კოზირად მომავალ არჩევნებში," - აცხადებს ანზორ ბიწაძე.

"ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს:

"ადეკვატური პოზიცია იყო გახმოვანებული ნიკა მელიას მიერ თბილისის შემთხვევაში აბსოლუტურად  მისაღები დარწმუნებული ვარ ოპოზიციის უმრავლესობისათვის.მნიშვნელოვანია დანარჩენი პარტიები შევთანხმდეთ კანდიდატებზე და ასევე მნიშვნელოვანი იქნება ნაციონალური მოძრაობის პოზიციაც და სხვა პარტიებისაც რეგიონებთან დაკავშირებით.რაც მეტ რეგიონში მოხერხდება რომ ხელისუფლებას ერთი კანდიდატი დაუპირისპირდეს, ვფიქრობ რომ ეს წაადგება მისი დამარცხების საქმეს," - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" წევრი გუბაზ სანიკიძე მიიჩნევს, რომ თბილისში საერთო ოპოზიციური კანდიდატების ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია:

"ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია არის მზად დათმოს თავისი პოზიციები და დაუთმოს კოლეგებს ოპოზიციიდან .მხოლოდ და მ,ხოლოდ პოზიტიური შედეგი შეიძლება მოყვეს ამას. იმედი მაქვს რომ ხვალიდანვე დაიწყება იმ დანარჩენ 6 ოლქზე საუბარი, თბილისში საერთო კანდიდატები ნამდვილად მნიშვნელოვანია," - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

დღის ამბები