05 ივლისი 2020,   04:50
ვრცლად
ბაგებში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობისთვის დაკავებულ ბიზნესმენ მერაბ ხიდაშელს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

ბაგებში მომხდარ გარჩევაში მონაწილე მერაბ ხიდაშელს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. ბიზნესმენი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით გუშინ დააკავეს. დაკავებულის ადვოკატის, დავით კორკოტაშვილის ინფორმაციით, ბიზნესმენი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ სროლის დროს შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა.

"იქნება ოფიციალურად ბრალის წაყენება, სადაც დეტალურად გვეცოდინება ბრალდების მხარის არგუმენტები, მტკიცებულებები გადმოგვეცემა. ალბათ, კვალიფიკაციაც დაზუსტდება თვითონ ქმედების და შემდეგ უკვე შეგვეძლება დაცვის მხარემაც თავის მოსაზრებები გამოთქვას.

ამ ეტაპზე, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბატონი მერაბ ხიდაშელი გაოცებულია, რბილად რომ ვთქვათ, იმ უკანონობით რაც მოხდა. კატეგორიულად გამორიცხავს ვინმეს მიმართ ოდესმე რაიმე სახის ძალადობას,"- განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ 3 ივნისს ბაგებში სროლისას ორი, 45 წლამდე მამაკაცი დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ორ მხარეს შორის დაპირისპირება წილების გადანაწილებას უკავშირდება. "კურიერის" ინფორმაციით, ადგილზე კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელმაც მიმალვა მოახერხა და მას პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

დღის ამბები