05 ივლისი 2020,   05:20
ვრცლად
ჯერჯერობით ვერ ვამბობთ, რომ მუშევანში კოვიდის გავრცელება დასრულებულია - ხათუნა ზახაშვილი

ინფიცირებულთა რაოდენობის მატების ფონზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი პანიკის საფუძველს ვერ ხედავს. უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება კონტროლდება და ყველა ახალი ინფიცირებული წყარო ცნობილია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მთელი სოფელი გაიტესტა და ყველა ის ადამიანი, რომლებსაც ინფიცირებულებთან რაიმე კონტაქტი ჰქონდათ, ტერიტორიიდან გადაყვანილია. ზახაშვილის თქმით, სოფელ მუშევანში ვირუსის გავრცელება ჯერ არ დასრულებულა.

"მუშევანის მიმართ განხორციელდა კიდევ განსხვავებული მიდგომა, რაც ნიშნავდა იმას, რომ მთელი სოფელი ფაქტობრივად ერთ დღეს გაიტესტა, ანუ მოიხსნა მთლიანად იმ დღეს თუ ვინმეს გამოვლინებული ჰქონდა ვირუსი და ყველა ის ადამიანი გამოყვანილ იქნა იმ ტერიტორიიდან, რათა დანარჩენებს მორიდებოდა ვინც სავარაუდოდ იმ მომენტში ჯანმრთელი იყო და არაფერი არ სჭირდა. ჯერჯერობით ვერ ვამბობთ, რომ მუშევანში კოვიდის გავრცელება დასრულებულია," - აცხადებს ხათუნა ზახაშვილი.

რაც შეეხება ე.წ. საბურთალოს კლასტერის შემთხვევას, ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, ყველა კონტაქტი, ვინც ინფიცირების რისკს მიეკუთვნებოდა იდენტიფიცირებულია და ისინი დანარჩენებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენენ.

"ამ ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფი არის ინფიცირებულების და მათაც რა თქმა უნდა დიდი რაოდენობით კონტაქტები ჰყავთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა კონტაქტი, რომელსაც ჰქონდა რისკი, რომ ყოფილიყო ინფიცირებული იდენტიფიცირებული გვყავს. ყველაზე მიმდინარეობს ზედამხედველობა. საშიშროებას ისინი დანარჩენებისთვის არ წარმოადგენენ," - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

დღის ამბები