02 ივლისი 2020,   17:35
ვრცლად
ერთადერთი ხელისუფლებაა "ქართული ოცნება" რომლის მმართველობის დროსაც ჩვენს ქვეყანას ომი არ გამოუცდია - ირაკლი ღარიბაშვილი

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივაზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ თავდაცვის სფეროში ნატოსთან ურთიერთობა წარმატებულად მიმდინარეობს.

"ჩვენს უწყებას აქვს აბსოლუტურად წარმატებული თანამშრომლობა ნატოსთან. ყველა ის განახლება და რეფორმა, რაც ჩამოვთვალე, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - რომ ჩვენ ძალიან მალე გარდავქმნათ ჩვენი თვადაცვის ძალები, მოვახდინოთ მისი მოდერნიზება და ნატოს სტანდარტებზე გადაყვანა. ამ მხრივ ნატოს მხრიდან ჩვენი ჯარი და ჩვენი უწყების მიერ გატარებული რეფორმები ყოველთვის მაღალ შეფასებას იმსახურებს. 

მე არ მახსენდება არჩევნები, როცა რაიმე სერიოზული კრიტიკა ან შენიშვნა ჰქონოდათ გამოთქმული. 2020-იც ასევე იქნება გამორჩეული არჩევნები თავისი  ხარისხით.

ნატოში ახალი წევრის მიღებას სჭირდება სრული კონსენსუსი, ნატოს წევრი ყველა სახელმწიფოს თანხმობა. დღეს ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ასეთი პოლიტიკური შეთანხმება არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენი არჩევანი და პოლიტიკური გადაწყვეტილება არის შემდეგი - სტრატეგიული მოთმინება და სტრატეგიული მზადება. ეს ორი ოქროს სტანდარტი არის ჩვენი ძირითადი პოლიტიკის განმსაზღვრელი ნატოსკენ მიმავალ გზაზე.

რაც შეეხება ზოგადად პერსპექტივას - მოგეხსენებათ, ეს არის რთული გეოპოლიტიკური საკითხი, რომელიც ბევრი გეოპოლიტიკური ფაქტორის გათვალისწინებას საჭიროებს, მათ შორის, რუსეთის ფაქტორის, ვგულისხმობ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საერთო კონსესუსის მიღწევას,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრმა ოკუპაციის პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოკუპაციის პრობლემა წინა ხელისუფლებამ გაამწვავა.

"მინდა პარალელი გავავლო ჩვენსა და ყოფილ ხელისუფლებას შორის - მხოლოდ იმ მიზეზით არ უნდა მივცეთ ხმა ნაცმოძრაობას და იმიტომ არ აქვთ პერსპექტივა, რომ მათი პოლიტიკაში დარჩენაც კი საფრთხეს უქმნის და ახანგძლივებს ოკუპაციის პრობლემის გადაწყვეტას. ამ ძალის დროს მოხდა ოკუპაციის დაკანონება, მთელი რუსული სტრატეგიული აქტივების გადაცემა რუსეთზე და მოხდა რუსეთის ჯარის დაბრუნება. ოკუპაცია ახლაც გრძელდება და ეს არის ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ნაცმოძრაობისგან.

ჩვენი გონივრული და პრინციპული პოლიტიკის მეშვეობით თავიდან ვაცილებთ მოსახლეობას კიდევ უფრო დიდ ტრაგედიას. ერთადერთი ხელისუფლება არის "ქართული ოცნების" ხელისუფლება, რომლის მმართველობის დროსაც ჩვენს ქვეყანას ომი არ გამოუცდია,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები