02 ივლისი 2020,   16:22
ვრცლად
აშშ-ში დაძაბულობა გრძელდება - პოლიციამ პროტესტის ჩასახშობად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა

დონალდ ტრამპის პრესკონფერენციის შემდეგ მალევე თეთრ სახლთან გამართული პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა. პოლიციამ პროტესტის ჩასახშობად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ტრამპის მიერ დაანონსებული სამხედრო ძალის გამოყენება აქციის წინაღმდეგ, მალევე გააკრიტიკეს პრეზიდენტის ოპონენტებმა. დემოკრატებმა პრეზიდენტს რასობრივი დაძაბულობისა და საზოგადოების დაყოფის მცდელობაში დასდეს ბრალი.

პროტესტის პარალელურად, ტრამპი თეთრი სახლის ვარდების ბაღში თითქმის 8 წუთის განმავლობაში მიმართავდა ამერიკელ ერს. სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა უკვალოდ არ ჩაიაროს.

თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დონალდ ტრამპი ბიბლიით ხელში, ქუჩაში გავიდა. ამერიკის პრეზიდენტი დაცვისა და ჟურნალისტების თანხლებით, იმ ეკლესიისკენ გაემართა, რომელიც წინა ღამეს დემონსტრანტებმა დააზიანეს.

შეერთებულ შტატებში განვითარებულ მოვლენებისა და ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო, შეშფოთება გამოხატა ევროკავშირმა და მხარეებს კი სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა.

შტატების ათობით ქალაქში უკვე ერთი კვირაზე მეტია, დემონსტრანტები პოლიციის მხრიდან ძალადობასა და რასიზმს აპროტესტებენ. მომიტინგეებმა დააზიანეს ინფრასტრუქტურა და სხვადასხვა ობიექტს ცეცხლი წაუკიდეს. ამერიკის უმეტეს ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. დაწესებულია კომენდანტის საათი. აქციების დაწყებიდან დღემდე სამართალდამცველებმა 6 ათასამდე მომიტინგე დააკავეს. დაშავებულია ათობით პოლიციელი.

დღის ამბები