05 ივლისი 2020,   05:55
ვრცლად
ოპოზიციური პარტიების ლიდერები სამომავლო გეგმებთან და არჩევნებთან დაკავშირებით კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ

სამომავლო გეგმების შესათანხმებლად ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ამჯერად "ნაციონალური მოძრაობა" მასპინძლობს. ეს დაემთხვა პროცესს, როდესაც ისევ გასარკვევია, როგორ გადანაწილდება სამაჟორიტარო ოლქები ოპოზიციურ სპექტრზე. არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე ადამიანმა არჩევნებზე საკუთარი ძალები დამოუკიდებლადაც მოსინჯოს.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, შესაძლოა ყველა რაიონში შეთანხმება ვერ მოხერხდეს, რადგან ყველა კანდიდატი არ იყოს მისთვის მისაღები.

"ალბათ ყველა რაიონში შეთანხმება ვერ მოხერხდება, ორი მიზეზის გამო - პარტიებს აქვთ თავისი ინტერესი და მეორე მიზეზია, კანდიდატი, რომელიც შესაძლოა საერთოდ მიუღებელი იყოს ჩვენთვის. თუმცა გარკვეულ შეთანხმებას მაინც მივაღწევთ, რადგან შეთანხმება იმაზე, რომ რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით, უკვე შეთანხმებაა. არ არის გამორიცხული, რომ პირველ ტურში ცალ-ცალკე კანდიდატები გვყავდეს, შემდეგ მეორე ტურში კი ძალისხმევა გაერთიანდეს,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი აკაკი ბობოხიძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიები პარტნიორობასთან დაკავშირებით ყველა შესაძლო ვერსიას განიხილავენ.

"სხვადასხვა ოლქს აქვს სხვადასხვა სპეციფიკა. ოპოზიციური გაერთიანება ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს ყველა შესაძლო პარტნიორთან,"- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ შეთანხმება შედგეს.

"შესაძლოა პარტიებმა მოახერხონ და ერთიანი კანდიდატი წარადგინონ. თუმცა ჩვენ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, რომ შეთანხმება შედგეს, რადგან ეს არის საზოგადოების მოთხოვნა. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს "ლელო" გამოეთიშა,"- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პირველ ტურში "ლელოს" ძლიერი და გამარჯვებისთვის განკუთვნილი კანდიდატი ეყოლება.

"სადაც გვექნება მეორე ტური იქ ჩვენ მოვახდენთ კონსოლიდირებას, იმ კანდიდატის მიმართ, რომელიც იქნება ოპოზიციიდან წარდგენილი, ხოლო პირველ ტურში ჩვენ მიგვაჩნია, რომ "ლელოს" საკუთარი კანდიდატი უნდა ყავდეს,"- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების პირველი შეხვედრა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გაიმართა. პარტიის ლიდერები სამომავლო საარჩევნო გეგმებს განიხილავდნენ და ამ ეტაპამდე მიმდინარეობს მოლაპარაკებები გაერთიანების შესახებ.

დღის ამბები