05 ივლისი 2020,   05:37
ვრცლად
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი და მისი გარემოცვის სკანდალური განცხადებები - სინოდის წევრები პეტრე ცაავას განკვეთას არ გამორიცხავენ

სინოდის წევრების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი და მისი გარემოცვა სკანდალური განცხადებების გაკეთებას გააგრძელებენ, რეაგირება საეკლესიო სამართლის შესაბამისად მოხდება.

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსის მიქაელ გაბრიჭიძის თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სინოდის სხდომაზე გახდება ცნობილი:

"როგორ შეიძლება, რომ ეგ იკადროს ადამიანმა. სინოდის სხდომა რომ იქნება, აუცილებლად გაიგებთ. ანდრია სარია ვერ გავიგე რას ლაპარაკობს ხოლმე. თუ ექნება სურვილი შეიძლება განიკვეთოს. თუ თითონ ექნება, თორემ ჩვენ არავის არ ვკვეთავთ, ჩვენ პირიქით ვაკურთხებთ და მოგვყავს ეკლესიისკენ. ჩვენი მიზანი არაა ვინმე განვკვეთოთ,"- განაცხადა მეუფე მიქაელმა.

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველის მეუფე იოანე გამრეკელის თქმით, თუ საეკლესიო სამართლის შესაბამისად დადგინდა, რომ მეუფე პეტრემ კანონები დაარღვია, შესაბამისად განისჯება:

"ეკლესიას აქვს თავისი სამართალი, სამართლის კოდექსი რასაც დაადგენს, ის იქნება ჩვენი საეკლესიო სამართალი. აქ მხარს დაუჭერ - არ დაუჭერ, არჩევანი არ არსებობს. თუ დადგინდა, რომ დამნაშავეა, შესაბამისად განისჯება," - განაცხადა მეუფე იოანე გამრეკელმა.

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი ხაზს უსვამს, რომ ეკლესიას ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია აქვს, დეტალებზე სასაუბროდ კი მედიას პრესცენტრთან ამისამართებს.

"ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ასეთ საკითხზე მიმართოთ პრესცენტრს, ეკლესიას აქვს ერთიანი პოზიცია," - აღნიშნა მეუფე დანიელმა.

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის ნიკოლოზ ფაჩუაშვილის თქმით, განკვეთა სინოდის მიზანი არაა, თუმცა ამის მიღწევას თავად მეუფე პეტრე ცდილობს:

"მე არ მეგულება ადამიანი, არც მეუფე იაკობი, არც სხვა, ვისაც უნდა, რომ მეუფე პეტრე განიკვეთოს. ერთადერთი ადამიანი, ვისაც უნდა მეუფე პეტრე განიკვეთოს, სავარაუდოდ არის თვითონ. თუ შეწყვეტს ამ მცდელობას, მაშინ არ განიკვეთება, თუ მოინდომებს ძალიან, აუცილებლად განიკვეთება,"- აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

დღის ამბები