05 ივლისი 2020,   05:15
ვრცლად
გამოდის, რომ ეს ადამიანები სხვებს იპოთეკური სესხის ნაწილს უფინანსებენ - ექსპერტი იპოთეკური სესხების სუბსიდირების შესახებ

კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკური სკოლის დეკანის და ექსპერტის სოსო ბერეკაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს ინიციატივა სამშენებლო სექტორის ხელშეწყობასთან დაკავშირებით, მოულოდნელი იყო.

როგორც "დღის კურიერში" სოსო ბერეკაშვილმა აღნიშნა, დეველოპერული სექტორი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ექსპერტს ლოგიკურად მიაჩნია იმ მოქალაქეების პროტესტიც, რომლებიც ამბობენ, რომ აღნიშნული ინიციატივა საბიუჯეტო თანხებით, ანუ მათი გადახდილი გადასახადების მეშვეობით ფინანსდება.

სოსო ბერეკაშვილის თქმით, ყველა გადასახადს იხდის და გამოდის, რომ ეს ადამიანები სხვებს, შედარებით მაღალ შემოსავლიან ადამიანებს, ვისაც საშუალება აქვს იპოთეკური სესხი აიღოს, იპოთეკური სესხის ნაწილს უფინანსებს.

"ჯერ ერთი, ეს კონკრეტული გეგმა დეველოპერული სექტორის ხელშეწყობის, ცოტა კონტექსტიდან ამოგლეჯილი და მოულოდნელი იყო, არ ველოდით.

რა თქმა უნდა ეს სფეროც, როგორც სხვა დანარჩენი, არის დაზარალებული, თუმცა საკმაოდ დიდი თანხის დახარჯვა მსგავს სიტუაციაში სექტორზე, რომელიც არ არის მძიმედ დაზარალებული, თან ფორმებს აქვს მნიშვნელობა, რეალურად რას გვაძლევს ეს ყველაფერი და რა შედეგზე გავყავართ, ანუ რა გამოდის, ვინ სარგებლობს.

ცალსახად სარგებლობს დეველოპერული და საბანკო სექტორი, ესეც მოკლევადიან პერიოდში, რამდენად სარგებლობენ მსესხებლები ეს კიდევ საკითხავია და ვის ხარჯზე სარგებლობენ. ეს თანხები ხომ ბიუჯეტიდან ფინანსდება.

პირველ რიგში იმის თქმა მინდა, რომ ეს თანხები არის საბიუჯეტო სახსრების. საბიუჯეტო სახსრები ფინანსდება ჩვენი ყველას გადასახადებისგან.

ეს კრიზისი არტყამს, რა თქმა უნდა სამშენებლო ბიზნესსაც და სამშენებლო სექტორს მოუწევდა ფასების კორექტირება, ანუ ფასების დაწევა. ამ პროგრამით ფასების დაწევა შეფერხდება, ასე ვთქვათ. რა გამოდის, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს კერძო ბიზნესს, ფასები დაიჭიროს არაწონასწორულ ნიშნებზე უფრო მაღალ ნიშნულზე, ვიდრე იქნებოდა ეკონომიკური წონასწორობის შედეგად და ამისთვის იყენებს გადასახადების გადამხდელების ფულს ხო?!

ეკონომიკისთვის, სამშენებლო და დეველოპერული სექტორისთვის, რისთვისაც ეს პროგრამა არის განსაზღვრული, მნიშვნელოვანია აგრეთვე საბანკო სექტორიც. თუმცა, მომხმარებლის და ყველა დანარჩენის კუთხიდან ეს ყველაფერი ქმნის არასწორ მოლოდინებს. ანუ უფრო მეტს გაუჩნდება იმის სურვილი, ვიდრე აქამდე გაუჩნდებოდა, რომ იპოთეკური სესხი აიღოს. ეს პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში სახელმწიფოს დეკლარირებულ პოლიტიკასთან ჭარბვალიანობის წინააღმდეგ. 

ამ 434 მილიონიან პროექტში, 70 მილიონი არის სესხების სუბსიდირება და რა თქმა უნდა, ეს უსამართლობის შეგრძნებას აჩენს იმიტომ, რომ გადასახადებს იხდის ყველა, ზოგიერთმა არ იცის ამის შესახებ, დღგ-ში იხდის, აქციზში იხდის, არაპირდაპირ, მაგრამ იხდის. გადასახადის გადამხდელი აბსოლუტურად ყველა არის ამ ქვეყანაში და ამ ხალხის დიდი ნაწილი არის ძალიან ძალიან დაბალშემოსავლიანი, 20% საერთოდ აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ყველა ეს ადამიანი იხდის გადასახადს და გამოდის, რომ ეს ადამიანები სხვებს, შედარებით მაღალ შემოსავლიან ადამიანებს, ვისაც საშუალება აქვს, რომ იპოთეკური სესხი აიღოს, უფინანსებს იპოთეკური სესხის ნაწილს, რაც რასაკვირველია ამ ადამიანებში ლოგიკურ უსამართლობის შეგრძნებას აჩენს," - განაცხადა სოსო ბერეკაშვილმა.

დაახლოებით 2 კვირაში მოქალაქეები უკვე შეძლებენ ბინის ყიდვას სახელმწიფოს სუბსიდირებით. ბიუჯეტიდან 70 მილიონია გათვალისწინებული იმ პირებისთვის, ვინც წლის ბოლომდე ბინას შეიძენს. ამ თანხით მოხდება იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტის დაფინანსება 5 წლის ვადით.

ასევე სახელმწიფო იპოთეკური სესხის 20 პროცენტის გარანტორი ხდება და ამისთვის 14 მილიონია გამოყოფილი. პარალელურად ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ვერ გაყიდიან მათ საკუთრებაში არსებული ბინების 30 პროცენტს, უძრავ ქონებას მათგან სახელმწიფო გამოისყიდის, ამისთვის შექმნილია 200 მილიონიანი ფონდი, ბინებს დევნილებს დაურიგებენ. 1800 დევნილი ოჯახი 3 წლით ადრე მიიღებს ბინებს და ამისთვის დამატებით გამოყოფილია 150 მილიონი.

დღის ამბები