05 ივლისი 2020,   04:40
ვრცლად
დეველოპერებმა ფასი თუ არ შეამცირეს, 4 პროცენტიანი სუბსიდირება არაფერს უშველის - ვახტანგ ჭარაია

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია "დღის კურიერში" სტუმრობისას იპოთეკური სესხების სუბსიდირების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ინიციატივით მოგებული რჩება როგორც მოქალაქე, ასევე ბიზნესი.

ვახტანგ ჭარაია არ ფიქრობს, რომ აღნიშნული ინიციატივით სესხს უფრო მეტი ადამიანი აიღებს. 

"ყველა იხეირებს. ოღონდ მე არ მოველი, რომ მხოლოდ ამ 4 პროცენტიანი ინიციატივის გამო ადამიანები გადაწყვეტენ ბინის შეძენას და არც არის სწორი, რომ ჩვენ მოვახდინოთ სტიმულირება იმისა, რომ უფრო მეტმა ადამიანმა, უფრო მეტი ბინა იყიდოს. ასე არ დავსვამდი საკითხს. მთავრობამ რაც გააკეთა, ეს არის გარკვეული სტიმული იმ ადამიანებისთვის, ვისაც გადაწყვეტილი ჰქონდა ბინის შეძენა და აქვს ამისთვის გარკვეული ფინანსური რესურსი. ანუ მას არ მოუწევს ცალსახად ბედის ანაბარა დარჩენა.

არ მოხდება ისეთი ადამიანების გადატვირთვა ვალებით, რომელიც ვერ შეძლებს ამ ვალის გასტუმრებას.  მე მგონია, რომ დეველოპერებმა ფასი თუ არ შეამცირეს, ეს 4-პროცენტიანი პროცენტის სუბსიდირება არაფერს უშველის," - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

დაახლოებით 2 კვირაში მოქალაქეები უკვე შეძლებენ ბინის ყიდვას სახელმწიფოს სუბსიდირებით. ბიუჯეტიდან 70 მილიონია გათვალისწინებული იმ პირებისთვის, ვინც წლის ბოლომდე ბინას შეიძენს. ამ თანხით მოხდება იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტის დაფინანსება 5 წლის ვადით. ასევე სახელმწიფო იპოთეკური სესხის 20 პროცენტის გარანტორი ხდება და ამისთვის 14 მილიონია გამოყოფილი. პარალელურად, ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ვერ გაყიდიან მათ საკუთრებაში არსებული ბინების 30 პროცენტს, უძრავ ქონებას მათგან სახელმწიფო გამოისყიდის, ამისთვის შექმნილია 200 მილიონიანი ფონდი, ბინებს დევნილებს დაურიგებენ. 1800 დევნილი ოჯახი 3 წლით ადრე მიიღებს ბინებს და ამისთვის დამატებით გამოყოფილია 150 მილიონი.

დღის ამბები