05 ივლისი 2020,   04:04
ვრცლად
"იმედი მაქვს, ისინიც გადაწყვეტენ ამ ფორმატის სესხის აღებას, ვინც აქამდე საერთოდ არ აპირებდა იპოთეკური სესხით სარგებლობას" - ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ "დღის კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მთავრობის სუბსიდირების შედეგად კონკრეტულ სეგმენტში იპოთეკურ სესხზე მოთხოვნა გაიზრდება. მისი თქმით, სუბსიდირებით ლარში აღებული იპოთეკური სესხი მიუახლოვდება სავალუტო სესხის საპროცენტო განაკვეთს, რაც მომხიბვლელს გახდის ამ პროდუქტს.   

"ეს არის კონკრეტული სესხების მიზნობრივი სუბსიდირება, არის ლარის სესხებზე საუბარი 200 000 ლარამდე. კონკრეტულად ამ სეგმენტში, რა თქმა უნდა, მოთხოვნა გაიზრდება და იმედი მაქვს, რომ ის ადამიანებიც გადაწყვეტენ ამ ფორმატის და შინაარსის სესხის აღებას, ვინც აქამდე საერთოდ არ აპირებდა იპოთეკური სესხით სარგებლობას. ანუ, ლარის სესხი, პრაქტიკულად, ამ სუბსიდიით მიუახლოვდება სავალუტო სესხის საპროცენტო განაკვეთს, რაც იმისი წინაპირობა იქნება, რომ 200 000 ლარამდე თქვენ შეძლებთ ლარში აიღოთ სესხი თითქმის სავალუტო სესხის საპროცენტო განაკვეთში, რაც მნიშვნელოვნად მომხიბვლელს ხდის აღნიშნულ პროდუქტს და მას არ ექნება სავალუტო რისკი, თუ ეს თქვენი შემოსავალი ლარშია,"- განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

დაახლოებით, 2 კვირაში მოქალაქეები უკვე შეძლებენ ბინის ყიდვას სახელმწიფოს სუბსიდირებით. ბიუჯეტიდან 70 მილიონია გათვალისწინებული იმ პირებისთვის, ვინც წლის ბოლომდე ბინას შეიძენს. ამ თანხით მოხდება იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტის დაფინანსება 5 წლის ვადით. ასევე, სახელმწიფო იპოთეკური სესხის 20 პროცენტის გარანტორი ხდება და ამისთვის 14 მილიონია გამოყოფილი. პარალელურად, ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ვერ გაყიდიან მათ საკუთრებაში არსებული ბინების 30%-ს, უძრავ ქონებას მათგან სახელმწიფო გამოისყიდის, ამისთვის შექმნილია 200 მილიონიანი ფონდი, ბინებს დევნილებს დაურიგებენ. 1 800 დევნილი ოჯახი 3 წლით ადრე მიიღებს ბინებს და ამისთვის დამატებით გამოყოფილია 150 მილიონი.

დღის ამბები