04 ივნისი 2020,   12:34
ვრცლად
Tik-Tok-ზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ ერთეულებად აღარ არის მოხსენიებული - საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურ პლატფორმა Tik-Tok-ზე არსებული ხარვეზი აღმოფხვრილია, ვებგვერდზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ ერთეულებად აღარ არის მოხსენიებული.

"საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურმა აპარატმა, ისევე როგორც ჩვენმა საელჩომ ჩინეთში, ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაიწყო მუშაობა ამ საკითხზე. შეხვედრები გაიმართა თბილისსა და პეკინში, მათ შორის ჩვენი ელჩი ჩინეთში შეხვდა კომპანიის ხელმძღვანელობას, რა დროსაც მათ ბოდიში მოიხადეს აღნიშნული ხარვეზის გამო და დაგვპირდნენ მის მალევე გამოსწორებას.

ზოგადად საგარეო უწყება ყოველთვის რეაგირებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიების ფაქტებზე და არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც სამინისტროს და საელჩოების ძალისხმევით გამოსწორებულა ამა თუ იმ სუბიექტისა და ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში გამოყენებული არასწორი დეფინიცია. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ჩვენი საქმიანობის უმთავრესი ნაწილია,"- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი ჩინური სოციალური ქსელის, Tik-Tok-ის ქვეყნების ჩამონათვალში - რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ სოციალური პლატფორმაა და 150-ზე მეტ ქვეყანაში 500 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ფაქტობრივად ქვეყნებად იყო აღიარებული.

დღის ამბები