07 ივნისი 2020,   12:20
ვრცლად
პრეზიდენტმა "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებებსა და "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილებებს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებებსა და "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებს ხელი მოაწერა, ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

"დღეს აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, რათა დროულად განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები და დადგენილ ვადებში ჩატარდეს სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნები, რაზეც ყველას ერთად გვაკისრია პასუხისმგებლობა. მე, როგორც კონსტიტუციის გარანტი, პასუხისმგებელი ვარ დავიცვა ადამიანის ძირითადი უფლებები, რაც მოიცავს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლებას. ამ უკანასკნელი უფლების დასაცავად, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების გამო, საჭირო გახდა კანონით გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნება, ისე, რომ არ შეილახოს ადამიანის სხვა ძირითადი უფლებები. წარმოდგენილი კანონით ეს რთული ბალანსი დაცულია. მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი ასევე ადგენს, აღსრულების პროცესში, შეზღუდვის მიზნობრიობის და პროპორციულობის აუცილებლობას. დღეს ჩემთვის ხელმოსაწერად წარმოდგენილი კანონები ზემოაღნიშნული გამოწვევების გადასალახად აკმაყოფილებს ორივე მთავარ მოთხოვნას - საქართველომ განაგრძოს დემოკრატიული განვითარება და შეინარჩუნოს პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეული შედეგები და აუცილებელი ბერკეტები. ბუნებრივია, რომ დავაკვირდები აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში განხორციელებას," - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსდა.

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც შემზღუდავი ღონისძიებების გატარება 15 ივლისამდე იქნება შესაძლებელი. აღნიშნული ცვლილებები ინიცირებული ვარიანტისგან განსხვავდება.

კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო. 

ახალი კანონპროექტი მთავრობას აძლევს შესაძლებლობას, პარლამენტის გვერდის ავლით ქვეყანაში დააწესოს შეზღუდვები. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს ოპოზიციის სრული სპექტრი ეწინააღმდეგება და ისინი არ გამორიცხავენ, რომ უკვე მიღებული კანონის გამო, ან საკონსტიტუციო სასამართლოს  მიმართონ, ან პრეზიდენტს ვეტოს დადების მოთხოვნით. 

აღნიშნული კანონპროექტი დროებითი ნორმაა და ის 15 ივლისამდე გაგრძელდება.

დღის ამბები