04 ივლისი 2020,   16:44
ვრცლად
არ მაქვს მოლოდინი რომ პრემიერი კითხვებს თავს აარიდებს - თამარ ჩუგოშვილი

დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი პრემიერის პარლამენტში ვიზიტს მიესალმება, თუმცა მიიჩნევს, რომ ვიზიტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე უკეთესი იქნებოდა.

ჩუგოშვილის თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ პრემიერი მწვავე კითხვებს არ გაექცევა.

"ძალიან ცუდი იყო ის, რომ როდესაც საგანგებო მდგომარეობა ცხადდებოდა, მაშინ მთავრობა არ მოვიდა. მაშინ რომ მოსულიყო, ჩემი აზრით, ბევრად უფრო ნაკლები კითხვები და ეჭვები იქნებოდა, მაგრამ კარგია, რომ გადაწყვიტა მთავრობამ მოვიდეს საქართველოს პარლამენტში. ალბათ, დისკუსია შეეხება აბსოლუტურად ყველა თემას, რაც ბოლო თვეებში განვითარებულ მოვლენებს ეხება და არ მაქვს მოლოდინი, რომ თავის არიდებას უნდა ველოდოთ, ალბათ პასუხებსაც მოვისმენთ"-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კიდევ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი ფიქრობს, რომ მთავრობის პოსტ კრიზისულ გეგმაში გარკევული ხარვეზებია და კითხვების დასმასაც ამ მიმართულებით აპირებს. 

"კითხვები, ძირითადად, შეეხება ეკონომიკურ პოლიტიკას, იმ პოსტ კრიზისულ პოლიტიკას, რომელშიც, ვფიქრობ, არის ხარვეზები და ბოლომდე ვერ გავიგეთ რაღაც საკითხები. იმ პრეზენტაციებზე ნაკლებად ჩანს, რამდენად უზრუნველყოფს კონკრეტული ქმედებები ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თორემ არის სექტორები, სადაც სამუშაო ადგილებს ხელოვნურად ვერ შევინარჩუნებთ,"- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ 27 მაისს, საკუთარი სურვილით მიდის. მას საკანონმდებლო ორგანოში 29 მაისს ინტერპელაციის წესითაც მოუწევს მისვლა. გიორგი გახარიას პარლამენტში კანონმდებლებთან შეხვედრა კიდევ ერთი ვიზიტის ფარგლებში, ივნისში, რეგლამენტით მოუწევს.

დღის ამბები