29 მაისი 2020,   00:50
ვრცლად
კიდევ ერთი მუნიციპალიტეტი, სადაც საგანგებო მდგომარეობის ზომები მკაცრდება - ვანის ორივე შესავლელში უკვე განთავსდა ბლოკპოსტები

"კურიერი" დღეს ვანში იმ 75 წლის ქალის შვილს ესაუბრა, რომელსაც "კოვიდ-19"  სავარუდოდ, შიდა გადადებით დაუდასტურდა. ინფიცირებულის შვილი ყვება, რომ დედ-მამა, თავდაპირველად, თბილისში მის სახლში იმყოფებოდნენ, რა დროსაც, მისი ოჯახის სხვა წევრებმა გაურკვეველი ვირუსული ინფექცია გართულებების გარეშე გადაიტანეს. ქალი განმარტავს, რომ სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაბრუნდნენ მშობლები ვანში და ორი კვირის განმავლობაში იზოლაციაში იმყოფებოდნენ.

კორონავირუსით ინფიცირებული 75 წლის ქალი თავდაპირველად ვანის საავადმყოფოში იმყოფებოდა, რომელიც უკვე დაიკეტა და მთელი სამედიცინო პერსონალი კარანტინის რეჟიმზეა გადასული. ექიმებისგან განსხვავებით, ქალს ურთიერთობა არ ჰქონია მეზობლებთან.

ადგილობრივების თქმით, ცოლ-ქმართან კომუნიკაცია თბილისიდან დაბრუნების შემდეგ არავის ჰქონია. "კურიერის" ინფორმაციით, ვანის ცენტრში ინფიცირებულის მეუღლეს სამშენებლო მასალის მაღაზიაც ჰქონდა. თუმცა მაღაზია უკვე რამდენიმე კვირაა,  დაკეტილია.

ვანი საქართველოს მასშტაბით მეათე მუნიციპალიტეტია, სადაც საგანგებო მდგომარეობით დადგენილი წესები დღეიდან გამკაცრდა. ქალაქის ორივე შესასვლელში უკვე მოეწყო საპოლიციო ბლოკპოსტი და საველე სამედიცინო პუნქტი. მას შემდეგ, რაც ვანში "კოვიდ-19"-ის შიდა გადადების შემთხვევა დაფიქსირდა, ადგილზე ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობენ. იმერეთის გუბერნატორის განცხადებით, ექიმების ჯგუფები მუნიციპალიტეტის 25 000 მაცხოვრებელს თერმოსკრინინგსა და გამოკვლევას უმოკლეს ვადაში ჩაუტარებენ.

ზომების გამკაცრება მისაღებია ვანის მოსახლეობისთვის. ადგილობრივების თქმით, არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე სპეციალური კონტროლის დაწესება მოსახლეობას ვირუსის უკონტროლო გავრცელებისგან დაიცავს.

მაღალი ეპიდემიოლოგიური საფრთხეების გამო ვანში სპეციალური გამშვები პუნქტების მოწყობის გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეპიდაფეთქების რისკის თავიდან ასარიდებლად რეგიონში ყველა საჭირო ზომა გატარდება. ჯანდაცვის მინისტრის მტკიცებით, მუნიციპალიტეტში5 000 ადამიანს თერმოსკრინინგი უკვე ჩაუტარდა.


ამ დროისთვის, ვანში მცხოვრები 75 წლის ქალი მკურნალობას ქუთაისში განაგრძობს. არ არის გამორიცხული, ადგილზე სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, ხელისუფლებამ მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღოს.

დღის ამბები