05 ივნისი 2020,   03:22
ვრცლად
მარტოხელა მოხუცების და სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების კამპანიას გორის მარკეტები შეუერთდნენ

შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციისა და "წითელი ჯვრის" ორგანიზებით გორში მდებარე მარკეტებში აქცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა კამპანიას შეუერთდნენ და თავისი წვლილი შეიტანონ თანამოქალაქეების დახმარებაში. კერძოდ, ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება, შეიძინოს ის პროდუქტები, რომელსაც "წითელი ჯვრის" მოხალისეები ადგილზე გაუწევენ რეკომენდაციას. სუპერმარკეტების ქსელებში მომხმარებლები ნახავენ "წითელ ჯვრის" კუთხეს, სადაც პროდუქტის დატოვებას შეძლებენ. მოგროვილი პროდუქტები მოხალისეების დახმარებით გადახარისხდება და სამიზნე ოჯახებს გადაეცემათ.

აქციის მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გაეცნო და თავადაც მიიღო მონაწილეობა. ასევე, რწმუნებულმა ქსელური მაღაზიის მარაგებთან დაკავშირებითაც მიიღო ინფორმაცია.

"კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია სამოქალაქო ჩართულობა. ამ ინიციატივის ფარგლებში ჩვენ, თითოეული ადამიანი ვეხმარებით იმ პირებს, ვისაც შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა," - აღნიშნა რწმუნებულმა.


აღნიშნული პაკეტი მარტოხელა მოხუცებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს დატრენინგებული მოხალისეების საშუალებით გადაეცემა. ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.

დღის ამბები