29 მაისი 2020,   01:36
ვრცლად
საქართველოს რეგიონებში აგრარული ბაზრები დაიხურა - გადაწყვეტილება ხალხმრავლობის განმუხტვას ემსახურება

ოზურგეთის აგრარული ბაზარი დაიკეტა. გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ხალხმრავლობის განმუხტვა ბაზარში ვერცერთი მეთოდით ვერ მოხერხდა. ოზურგეთის მერიის თანამშრომლები მთელი დღის განმავლობაში, ხალხს დისტანციის დაცვისკენ ხმის გამაძლიერებლებით მოუწოდებდნენ.

აგრარული ბაზარი დაიხურა ქუთაისშიც. შეზღუდვა შეეხო ღია სექციებს, სადაც პროდუქტი ე.წ. დახლებზე იყიდებოდა. იმერეთის გუბერნატორის თქმით, გადაწყვეტილება კორონავირუსის საფრთხის გამო მიიღეს და იმერეთის რეგიონში ყველა ბაზარი დაიკეტა.

აგრარული ბაზრები დაიხურა ბათუმშიც. საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება აქაც, დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო მიიღო.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აგრარული ბაზრები ორშაბათიდან სამეგრელოში, სენაკში, ზუგდიდსა და ფოთშიც დაიხურება. ბაზრების დროებით დაკეტვის მიზეზად, ინფექციის გავრცელების რისკი სახელდება. სენაკის ბაზრის მოვაჭრეები ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ბაზრის გაჩერება პრობლემებს მოვაჭრეებთან ერთად მყიდველსაც შეუქმნის.

ექვსი აგრარული ბაზარი დაიხურა დღეს შიდა ქართლშიც. გადაწყვეტილება კორონავირუსის გამო შექმნილ საგანგებო შტაბის სხდომაზე მიიღეს. შტაბის სხდომას ვიდეოკონფერენციის ფორმატში პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა. რეგიონის ხელმძღვანელობამ გიორგი გახარიასაგან კონკრეტული დავალებებიც მიიღო.

კორონავირუსის გავრცელების მიზნით დაწესებული აკრძალვების პარალელურად, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დღეს იმერეთში ჩავიდა. დიმიტრი ხუნდაძე მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

საქართელოში COVID-19-ის გავრცელების პიკური პერიოდის მოახლოვებასთან ერთად, ქვეყანაში უსაფრთხოების წესები ყოველდღიურად მკაცრდება. კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში, ვირუსის პრევენციის მიზნით, დღეს აგრარული ბაზრების დეზინფექცია ჩატარდა.

დღის ამბები