05 ივნისი 2020,   09:07
ვრცლად
ვიდეოთვალთვალი სკოლის საპირფარეშოებში და ფარული მოსმენები - რა წერია სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშში

სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მომზადებულ 166 გვერდიან ანგარიშში ერთ-ერთი თავი არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევის ფაქტებს ეთმობა. ანგარიშიდან ირკვევა, რომ საჯარო თუ კერძო სკოლების საპირფარეშოებში ვიდეოთვალთვალი მიმდინარეობდა. კამერების ხედვის არეალში არ ხვდებოდა საპირფარეშო ოთახში განთავსებული კაბინების შიდა პერიმეტრი, თუმცა ჩანდა საპირფარეშო ოთახის ხელსაბანი და დერეფანი.

სახელმწიფო ინსპექტორი ამბობს, რომ ჰიგიენისთვის განკუთვნილი ადგილი განსაკუთრებულად პირადი სივრცეა, ამიტომ იქ ვიდეოკამერების დამონტაჟება დაუშვებელია. ანგარიშში წერია, რომ ვიდეოკონტროლი მოსწავლეთა უსაფრთხოებასა და თამბაქოს მოხმარების კონტროლს ემსახურებოდა და შესაბამისად, ჰიგიენის ადგილებში მის განთავსებას სკოლების ხელმძღვანელები დარღვევად არ მიიჩნევდნენ.

სახელმწიფო ინსპექტორი დოკუმენტში "მწვანე სკოლის" ამბავზეც საუბრობს, რა დროსაც ადმინისტრაციამ, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის წარდგენის გარეშე, პოლიციის თანამშრომლებს ამავე სკოლის სამეთვალყურეო კამერებით გადაღებული ვიდეოჩანაწერები გადასცა, მასალაში კი არასრულწლოვანთა პერსონალურ მონაცემები იყო ასახული.

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ სკოლებმა შესაბამისი რეკომენდაციები ამ დროისთვის უკვე შეასრულეს. "კურიერმა" პასუხი წერილობით მიიღო.

სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშში ნათქვამია, რომ წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა ფარულ მიყურადებებზე გაცემული განჩინებების რაოდენობა. გასულ წელს სასამართლოს აღნიშნულ განჩინებათა უმეტესობა შეეხებოდა სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებას და ჩაწერას. თუკი 2018 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ 2,500-მდე შუამდგომლობა დააკმაყოფილეს, 2019 წელს მაჩვენებელი 6-ით გაიზარდა.

პარლამენტს დოკუმენტზე მსჯელობა ჯერ არ დაუწყია, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ სახელმწიფო ინსპექტორთან ოპოზიციასა და დამოუკიდებელ დეპუტატებს მწვავე შეკითხვები ექნებათ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ინსტიტუტი ვერ ასრულებს მთავარ ფუნქციას - იყოს დამოუკიდებელი მაკონტროლებელი.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების მიუხედავად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცულია.

დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების ფაქტი 135 შემთხვევაში დადგინდა. სამსახურს 422-მა პირმა მიმართა. მზარდი იყო ინსპექტირების რაოდენობაც.

ინსპექტორის სამსახური ახალი სახელითა და დამატებული ფუნქციებით უკვე ერთი წელია მუშაობს. უწყება გასული წლის ნოემბრიდან პერსონალურ მონაცემების კონტროლთან ერთად სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებსაც იძიებს.

საკანონმდებლო ორგანოში დოკუმენტის განხილვა, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს უნდა დაიწყოს.

 

დღის ამბები