05 ივნისი 2020,   09:48
ვრცლად
ბულგარეთში ჩარჩენილი გადამზიდი კომპანიის მძღოლები სამშობლოში დაბრუნდნენ

ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან თბილისში სპეცრეისით გამომგზავრებული საქართველოს 92 მოქალაქე უკვე სამშობლოშია.

მგზავრებმა აეროპორტში თერმოსკრინინგი და სპეციალური შემოწმება უკვე გაიარეს. მგზავრთაგან საავადმყოფოში არავინ გადაუყვანიათ, თუმცა, ისინი 2 კვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

მგზავრებს შორის იყვნენ იმ გადამზიდი კომპანიის მძღოლები, რომელთაც, საკარანტინო რეჟიმიდან გამომდინარე, ბულგარეთის მთავრობამ არ მისცა უფლება ბორანზე ასულიყვნენ და სახმელეთო გზით, საკუთარი ავტომობილებით დაბრუნებულიყვნენ ქვეყანაში. 

რეისი ქალაქ ბურგასიდან თბილისის აეროპორტის მიმართულებით ქართულმა ავიაკომპანია Myway Airlines-მა შეასრულა. როგორც ავიაკომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თამარ ქობულაშვილმა განაცხადა, კომპანია მზადაა მსგავსი სპეცრეისები ყოველგვარი დანამატის გარეშე, თვითღირებულებით შეასრულოს.

"ბურგასი-თბილისის სპეცრეისზე გვყავს 92 მგზავრი. მოხარულები ვართ, რომ შევძელით დავხმარებოდით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ადამიანებს, რომლებიც ამ რთულ პერიოდში ვერ ახერხებდნენ სამშობლოში დაბრუნებას. გვინდა განვაცხადოთ, რომ თუ საქართველოს მთავრობა საჭიროდ ჩათვლის ჩვენს დახმარებას საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების კუთხით, ავიაკომპანია მზად არის განახორციელოს ფრენები ნებისმიერ ქვეყანაში თვითღირებულებით, ყოველგვარი დანამატისა და მოგების გარეშე,"- თამარ ქობულაშვილმა.

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები