03 ივნისი 2020,   21:33
ვრცლად
ტელე-სკოლის პროექტში მასწავლებლების გარდა საგნობრივი ექსპერტები და ფსიქოლოგები მიიღებენ მონაწილეობას

უკვე მეორე დღეა საზოგადოებრივი არხის ეთერში პროექტი ტელე-სკოლა დაიწყო. აღნიშნულ საკითხზე "დღის კურიერის" ეთერში განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ ისაუბრა.

ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, განათლების პროექტში დაახლოებით 30 ადამიანი მონაწილეობს. პროექტში, საგნის მასწავლებლების გარდა ასევე ჩართულნი არიან ფსიქოლოგები და საგნობრივი ექსპერტებიც, რომლებიც მასწავლებლებს საგნების დაგეგმვაში ეხმარებიან და ასევე სხვადასხვა რეკომენდაციებს აძლევენ.

"ის ბადე, რომელიც შექმნილია არის ცნობილი, ნებისმიერ მშობელს და მოსწავლეს შეუძლია საათი იხილოს და უყუროს გაკვეთილებს.

გამოხმაურება, მინდა გითხრათ საკმაოდ პოზიტიურია, ინტერესი არის საკმაოდ მაღალი, თუ რეიტინგს შევხედავთ. გარდა ამისა მინდა აღვნიშნო, რომ პროექტში, რომელიც სწორედ 2 დღის წინ გავიდა ეთერში, 2 კვირის განმავლობაში განათლების სამინისტრომ და პირველი არხის მთელმა ტექნიკურმა გუნდმა და არა მარტო ტექნიკურმა მიიღო მონაწილეობა.

გვაქვს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, სხვადასხვა წყაროებით ღია იყო აბსოლუტურად ნებისმიერი მასწავლებლისთვის, გაიარეს ჩაწერები და ამ ჩაწერების საფუძველზე უკვე შეირჩა მასწავლებლები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ არის მხოლოდ მასწავლებლის პასუხისმგებლობა, განათლების სამინისტრომ ასევე ორგანიზაცია გაუწია, რომ ყველა საგანს ჰყავს თავისი მენეჯერი. ეს მენეჯერები არიან საგნობრივი ექსპერტები, რომლებიც ეხმარებიან თითოეულ მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვაში, რეკომენდაციებს აძლევენ.

გარდა ამისა გვყავს ფსიქოლოგები, რომლებიც ასევე მონაწილეობენ გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში და რეკომენდაციებს აძლევენ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ვიზუალური მხარე, რა რესურსები არის მნიშვნელოვანი საგაკვეთილო პროცესში და ა.შ." - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ. 

"დღის კურიერის" ეთერში მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ განათლების სამინისტროს პლატფორმაზე აქტიურად თავსდება უამრავი ელექტრონული რესურსები. პირველი ეტაპისთვის ეს იქნება მასტერკლასები მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის, რომლებიც კიბერუსაფრთხოებას შეეხება. 

"ტელე-სკოლა არის ერთ-ერთი შესაძლებლობა და ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული პროექტი იმიტომ, რომ ხელმისაწვდომობა ყველა მოსწავლესთან მიმართებაში ყოფილიყო თანაბარი.

ყველა ჩვენს მოქალაქის ოჯახში არ არის ინტერნეტი, რომ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის გამართულად შედგეს საგაკვეთილო პროცესი. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ სწორედ ალტერნატიულ გზებზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეთავაზება არის ტელე-სკოლა. სხვა შეთავაზებებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა განათლების სამინისტრო ასევე მუშაობს.

ჩართულია "თიმსის" პროგრამა, ეს არის Microsoft-ის 365 Office, სადაც ეს საგაკვეთილო ონლაინ პლატფორმა არსებობს და დღეს უკვე ძალიან ბევრი სკოლა თავის მოსწავლეებთან ონლაინ რეჟიმში ატარებს გაკვეთილებს,

ეს სემესტრი ნამდვილად შედგება. ჩვენ დავასრულებთ 2019-2020 სასწავლო წელს და ჩვენს მოსწავლეებს და მასწავლებლებს ასევე შევთავაზებთ ალტერნატიული შეფასების გზას, რომელსაც მოგვიანებით დავაანონსებთ. შესაბამისად, ჩვენ 15 ივნისს დავასრულებთ სასწავლო წელს ისე, რომ მოსწავლეები გადავლენ მომდევნო კლასში," - აცხადებს განათლების მინისტრის მოადგილე.

დღის ამბები