04 ივნისი 2020,   02:27
ვრცლად
კონტაქტების მოძიება და კლასტერების დადგენა - COVID-19-თან ბრძოლის დეტალები "კურიერის" ობიექტივში

როგორ ხდება კონტაქტების მოძიება და  კლასტერების დადგენა - ეს covid-19-თან ბრძოლის შიდა სამზარეულოა, რომელიც ბევრს აინტერესებს და რომელსაც საქართველო ჯერჯერობით ათეულობით სახელმწიფოზე ბევრად კარგად ართმევს თავს.

საქართველოში თითქმის ყველა კლასტერი დადგენილია. დღეს იმ მარნეულელი ქალის დაინფიცირების პირველ წყაროზეც გავიდნენ, რომელიც საქართველოს ორ რეგიონში გამოცხადებული კარანტინის მიზეზი გახდა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ქვეყანაში მეოთხეული გადაცემის სირთულეებზე საუბრობს. ლევან გოფოძე დარწმუნებულია, რომ კონტაქტების მოძიებისა და შემდგომი რეაგირებისთვის ყველაფერი უფრო მარტივად იქნებოდა თუ ინფიცირებულს ეცოდინებოდა, ვინ გადადო "კოვიდ 19." ყოველ ჯერზე, როდესაც კორონავირუსის დადასტურება ხდება, სპეციალისტები კონტაქტების დადგენას იწყებენ, რაც ხანგრძლივი და რთული პროცესია.

როდესაც ადამიანს კორონავირუსი უდგინდება, ის სპეციალისტების კითხვარს ავსებს. ინფიცირებულმა უნდა გაიხსენოს ბოლო დღეების განმავლობაში ყველა პირი, ვისთანაც პირდაპირი, ან ირიბი შეხება ჰქონდა, ასევე დაასახელოს მისამართები, სადაც გადაადგილდებოდა, მათ შორის, ინფორმაცია მოგზაურობის შესახებ. ახლო კონტაქტში მყოფი პირებისთვის ინფიცირების რისკი მაღალია.

ინფიცირებულები ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრებს, თანამშრომლებს და მეგობრებს ასახელებენ. ვითარება რთულდება, როდესაც ინფიცირებულმა არ იცის იმ ადამიანთა ვინაობა, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა. ყველა გამოვლენილი პირი გადის თვითიზოლაციას, ან კარანტინს. თუმცა ქვეყანაში უკვე მეოთხეული გადაცემაც მოხდა, რის გამოც კონტაქტის კვალი ნაწილობრივ დაკარგულია.

მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა, თავდაცვის სამინისტრომ უწყებაში შემავალ ყველა დეპარტამენტში გამოკითხვა განახორციელა. ასობით თანამშრომელმა პასუხი გასცა ეპიდემიოლოგების კითხვებს. მათ შორის, იმყოფებოდნენ თუ არა სამოგზაუროდ და ხომ არ ჰქონდათ ურთიერთობა დაინფიცირებულ პაციენტთან.

უწყების სამედიცინო დეპარტამენტი ახორციელებს სამედიცინო შემოწმების პროცესს, რომელიც მარნეულისა და ბოლნისის საგუშაგოებთან მიმდინარეობს. სპეციალისტები ამბობენ, რომ კონტაქტების დასახელება მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა. 

ლონდონში, რესპირატორული ვირუსების ლაბორატორიაში, ინფექციური სექციის მთავარი ლაბორანტი ქართველია. სპეციალისტმა "კურიერს" დიდი ბრიტანეთის გამოცდილება გაუზიარა. მისი თქმით, ადგილზე პრობლემა მას შემდეგ გამწვავდა, რაც კონტაქტების კვალი დაიკარგა და მოსახლეობამ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არ აიღო. ამიტომ, ტატა ქებაძე საზოგადოებას წესების დაცვისკენ და შინ დარჩენისკენ მოუწოდებს.

ყოველ ჯერზე, როდესაც მოქალაქეს COVID-19 უდგინდება, სპეციალური სამუშაო ჯგუფი ადგენს, ვისთან ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულს. ამის შემდეგ, ხდება ამ ადამიანებთან დაკავშირება და ჯანრთელობის შემოწმება, თითოეული მათგანი იზოლაციაში გადადის.

საქართველოში მეორე პირზე გადადების უკვე რამდენიმე შემთხვევაა. მას შემდეგ, რაც მარნეულში მცხოვრებ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა, გაირკვა, რომ ეს ქვეყანაში მეოთხეული გადაცემა იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ კონტაქტების ნაწილი მოძებნილია, ნაწილის პოვნა კი, თითქმის შეუძლებელია. სწორედ ამიტომ გამოცხადდა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად.

 

დღის ამბები