29 მარტი 2020,   00:55
ვრცლად
ნახევარი მილიონი დადასტურებული შემთხვევა მსოფლიოში - კორონავირუსმა უკვე 196 ქვეყნაში შეაღწია

ინდოეთში კარანტინი გამოცხადდა. მილიარდ სამასი მილიონი ადამიანი 21 დღის განმავლობაში აკრძალვების რეჟიმში იცხოვრებს. ეს მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მხოლოდ 600 ინფიცირებული და 10 გარდაცვლილია. დაიხურება ყველა მაღაზია, საწარმო და რელიგიური ობიექტი. შეიზღუდება ავტობუსებისა და მეტროს მუშაობა.

ბოლო 24 საათში 143 ადამიანი გარდაიცვალა ირანში. თეირანში აცხადებენ, რომ საერთო ჯამში კორონავირუსს 1937 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულია თითქმის 25 000 ირანელი.

69 ათასს გასცდა ინფიცირებულთა რიცხვი იტალიაში. ბოლო 24 საათში COVID-19-მა 700-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. მათ შორის, 60 წლის ფოტორეპორტიორი პაოლო მიკაი. კორონავირუსი დაამარცხა 95 წლის იტალიელმა ალმა კორსინიმ. მას ანტივირუსული მკურნალობაც არ დასჭირდა. მათ კი, ვინც, ამ ეტაპზე სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება, პოლიცია დრონების საშუალებით გააკონტროლებს. პირებს, რომლებიც სახლებს დატოვებენ ჯარიმის სახით 135 ევროს გადახდა მოუწევთ.

მძიმე ვითარებაა ესპანეთშიც. კორონავირუსს სამეფოში 47 ათასზე მეტი ადამიანი ებრძვის. იზრდება მსხვერპლი, რომელიც თითქმის 4000-სს აღწევს. ამ ფონზე, ესპანეთმა ნატოს დახმარება სთხოვა. ქვეყანაში იმედი აქვთ, რომ ალიანსი სამედიცინო აღჭურვილობაას და პირბადეებს გამოყოფს.

კვლავ მძიმე მდგომარეობაა საფრანგეთში, სადაც კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ათასს აჭარბებს. ჯამში ახალი ვირუსით 22 ათას ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.

რაც შეეხება სამეზობლოს - რუსეთში, ამ ეტაპზე, კორონავირუსის 700-მდე და გარდაცვალების 1 შემთხვევაა დაფიქსირებული. ეს ოფიციალური მონაცემებია, მაგრამ მათ სისწორეში ეჭვი უკვე დედაქალაქის მერსაც ეპარება. მთავრობის გადაწყვეტილებით, იხურება ღამის კლუბები, კინოთეატრები და სხვა გასართობი დაწესებულებები. პარალელურად, დაიწყეს ქუჩის სათვალთვალო კამერების აქტიური გამოყენება. 100 000-მდე ვიდეოთვალით კარანტინისა და თვითიზოლაციის დამრღვევებს გამოავლენენ.

270-მდე გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხი მეზობელ სომხეთში. მთავრობის გადაწყვეტილებით დაიხურა ყველა ობიექტი, სასურსათო მაღაზიების, აფთიაქებისა და ბანკების გარდა. ქუჩაში თავისუფლად გადაადგილებაც ნაწილობრივ შეზღუდულია. მოქალაქეებს გარეთ გასვლა პასპორტების გარეშე კატეგორიულად ეკრძალებათ. პარლამენტმა ასევე მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ყველა პირს, ვინც თვითიზოლაციის წესებს დაარღვევს 1400 დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება.

თეთრი სახლი და კონგრესი ეკონომიკის სტიმულაციისთვის 2 ტრილიონი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. 250 მილიარდი - ფიზიკურ პირებს ჩაერიცხებათ. 350 მილიარდი - კრედიტის სახით მცირე ბიზნესისთვის გამოიყოფა. 250 - უმუშევრობის დაზღვევის შეღავათებისთვის და 500 მილიარდი პრობლემური კომპანიების კრედიტებისთვის. ნიუ-იორკის გუბერნატორი ამბობს, რომ ახალი ვირუსი ელვისებური სისწრაფით ვრცელდება და მალე მისი შტატი, შესაძლოა, სამედიცინო აღჭურვილობის გარეშე დარჩეს.  აკრძალვებს საჭიროდ არ მიიჩნევს შტატების პრეზიდენტი.

ჩინეთში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის შიდა გადადება კვლავ არ დაფიქსირებულა. ვირუსი დაუდგინდათ მხოლოდ სხვა ქვეყნიდან ჩასულ პირებს. მათი საერთო რაოდენობა 47-ია. ჩინეთში კორონავირუსის სულ 81 000 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, აქედან, სრულად განიკურნა 73 650 პაციენტი. უკვე ნაწილობრივ მუშაობს სატრანსპორტო სამსახური, ავტომობილების მწარმოებელი ქარხნები. ნაწილობრივ გაიხსნა ჩინეთის დიდი კედელი. ქვეყანა ეტაპობრივად უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ისლანდიაში კი, მეცნიერები  უჩვეულო ფაქტზე საუბრობენ - პაციენტი ახალი კორონავირუსის, ერთდროულად, ორივე შტამით დაინფიცირდა. სპეციალისტების ინფორმაციით, მეორე შტამი უხანში ეპიდაფეთქების დროს მუტაციის შედეგად განვითარდა და უფრო აგრესიულია.

დღის ამბები