01 ივნისი 2020,   18:09
ვრცლად
როგორ ვასწავლოთ ბავშვებს კორონავირუსისგან თავის დაცვა - სპეციალისტების რჩევები

მიუხედავად იმისა, რომ COVID 19-ის რისკჯგუფს 16 წლამდე ბავშვები არ მიეკუთვნებიან, ვირუსისგან მათ დასაცავად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე რეკომენდაცია გაავრცელა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, სასურველია, კორპუსთან მდებარე ეზოებსა და სკვერებში არსებული ბავშვთა გასართობი მოედნები, საქანელები, სკამები და სხვა ინფრასტრუქტურა დღეში, მინიმუმ, ერთხელ სველი წესით დამუშავდეს. ბავშვების სუფთა ჰაერზე გასეირნება ინფექციის გამო არ უნდა შეიზღუდოს, თუმცა, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბავშვთა გასართობი სივრცეები უნდა მოწესრიგდეს. ამირან გამყრელიძისვე თქმით, სჯობს, მშობლებმა ბავშვების დაბადების დღეებზე წაყვანა შეზღუდონ და ხმაურიან თავყრილობებს მოარიდონ.

11 წლის ბარბარე გურგენიძე დედის მითითებებს ასრულებს. ამბობს, რომ კორონავირუსის შესახებ ოჯახში ხშირად უყვებიან და რეკომენდაციების შესრულებას სთხოვენ. მისივე თქმით, ეპიდაფექების შესახებ ინფორმაციას ინტერნეტით ეცნობა და კარგად იცის, რომ დახურულ სივრცეს და ხალხმრავალ ადგილებს უნდა მოერიდოს. ის და მისი მეგობარი 12 წლის თეკო რეხვიაშვილი კარგად იცნობენ ყალბ ნიუსებსაც, რომლის გამოც ხშირად მოტყუებულები რჩებიან. ბავშვები ჰყვებიან, რომ მომხდარის შესახებ მშობლები მშვიდად უხსნიან, თუმცა ოჯახის წევრების მოთხოვნით სხვადასხვა მითითების შესრულება უწევთ. მიუხედავად შეზღუდვებისა, COVID 19-ს მორიგ ვირუსულ ინფექციად თვლიან, რომელიც სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოშიც გავრცელდა.

იმისთვის, რომ ბავშვმა სწორი ინფორმაცია მიიღოს, აუცილებელია მშობლები აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში და რისკების შესახებ ღიად ისაუბრონ. ხატია ყურაშვილს 3 შვილი ჰყავს. მისი თქმით, იძულებით არდადეგების გამო, ბავშვები დიდ დროს სახლში ატარებენ. ეპიდემიის გამო ოჯახში ერიდება სტუმრების მიღებას, ასევე, მომარაგებული აქვს ანტისეპტიკური ხსნარები. ბავშვების დედა ცდილობს, პედიატრის მითითება შეასრულოს და შვილები სუფთა ჰაერზე გაიყვანოს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებული რეკომენდაციები, რომელიც ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილების შეზღუდვასა და ჰიგიენური ნორმების მაქსიმალურ დაცვას გულისხმობს, ბავშვებზეც ვრცელდება. სპეციალისტები მოუწოდებენ მშობლებს, ასწავლონ პატარებს როგორ დაიცვან ჰიგიენის ნორმები, გაიკეთონ პირბადე დახურულ სივრცეში და პროცესს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ.

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ მშობლებმა ბავშვებს არ უნდა დაუმალონ ის რისკები, რომელიც მსოფლიოში გავრცელებულ პანდემიას ახლავს. ასევე, აუცილებელია, მშობელი ბავშვს, ვისთვისაც ინტერნეტ სივრცე ხელმისაწვდომია, უტყუარი და ცრუ ინფორმაციის გაფილტვრაში დაეხმაროს.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელი არ არის, ბავშვმა ჭარბი ნეგატიური ინფორმაცია მიიღოს, წინააღმდეგ შემთვევაში, ეს მათზე უარყოფითად აისახება. მათი აზრით, არასწორად მიწოდებული ინფორმაცია ბავშვებში ემოციურ პრობლემებს, ძილის დარღვევასა და შფოთვას იწვევს. თუმცა, აუცილებელია პატარებს მშობლებმა კარგად განუმარტონ რისკები და პრევენციის გზები. 

დღის ამბები