04 ივნისი 2020,   12:04
ვრცლად
შეძლებს თუ არა მთავრობის 6 პუნქტიანი გეგმა ეკონომიკური კრიზისის დაძლევას - სახელმწიფო ბიზნესის დახმარებას აპირებს

საქართველოს მთავრობამ COVID 19-ის გავრცელების გამო მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის თავიდან ასარიდებლად ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა. 6 პუნქტიანმა გეგმამ ჯამურად მილიარდზე მეტი ფინანსური რესურსი უნდა გააჩინოს. გეგმა მოიცავს გადასახადების გადავადებას, დღგ-ს დაბრუნებას და სასტუმროებისთვის 6 პროცენტის თანადაფინანსებას.

სასტუმროების ასოციაციის ხელმძღვანელი შალვა ალავერდაშვილი ამბობს, მსხვილი კომპანიები თვეში 150 ათას ლარის შემოსავალს კარგავენ. შალვა ალავერდაშვილის სასტუმროებს ვიზიტორების რაოდენობა გაუნახევრდათ და შემოსავლები შეუმცირდათ, ანტიკრიზისული გეგმა კი, რომელიც კომპანიებს საშემოსავლო და ქონების გადასახადს 4 თვით გადაუვადებს, სექტორისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია.

მთავრობის მიერ მომზადებული ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრმა წარადგინა, რამდენიმე მიმართულებას მოიცავს :

18 ათასი კომპანიასა და 50 ათას დასაქმებულ პირს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი 4 თვით გადაუვადდებათ;

მცირე სასტუმროების მფლობელებს სესხს 6 თვის განმავლობაში სახელმწიფო დაუფარავს;

კომპანიები, საჭიროების შემთხვევაში, სესხის რესტრუქტურიზაციას შეძლებენ;

ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულება 3 თვით გადაუვადდებათ.

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კაპიტალურ ხარჯებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში დამატებით, წლის ბოლომდე ინვესტირებული იქნება 300 მილიონი ლარი.

ტურიზმის სფეროს მიღწევების შენარჩუნებაზე საუბრობენ ეკონომიკური გუნდის მინისტრები. ისინი ამბობენ, რომ კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებზეა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური საშუალო და გრძელვადიანი პოლიტიკა, თუმცა, მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე, არსებული გეგმა გამოწვევებს პასუხობს.

მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები კერძო და სახელმწიფო უწყებებს შორის სწორი კომუნიკაციის შედეგს უწოდებენ. ასოციაციაში, რომელიც 98 კომპანიას აერთიანებს, ამბობენ, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ჩამომსვლელთა ნაკადი შემცირებულია, გადასახადების გადავადება ტურისტული კომპანიებისთვის კრიზისიდან გამოსვლის საშუალება იქნება. კორონვირუსი ტურიზმის სფეროს გარდა სარესტორნო ბიზნესაც აზარალებს.

მთვარობის ანტიკრიზისული გეგმა გააკრიტიკეს დღეს ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ გეგმა ბიზნეს სექტორს შვებას მხოლოდ დროებით მისცემს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საბანკო სექტორი მზად არის, როგორც კომპანიებს, ასევე ფიზიკურ პირებს, ორშაბათიდან სესხზე შესაბამისი კონსულტაციები გაუწიოს. მოქალაქეებს შეუძლიათ მომსახურებისთვის საქართვლოს, თიბისი და ლიბერთი ბანკის ფილიალებს მიმართონ. საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს. მომავალი 3 თვის განმავლობაში არცერთ სოციალური სარგოს მიმღებ პირს არ ჩამოეჭრება სესხის მომსახურების თანხები

ამასთან, ფონდი "ქართუ" მზად არის კორონავუსის გავრცელების საფრთხისგან მოქალაქეების დასაცავად საჭირო ფინანსური რესურსი გამოყოს.

დღის ამბები