01 ივნისი 2020,   17:47
ვრცლად
ხვალ გიბრუნდებით და გეუბნებით, რისი გაკეთებაა შესაძლებელი და რისი არა - გიორგი გახარია ბიზნესსექტორთან შეხვედრაზე

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი, მიხეილ დაუშვილი და ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მრჩეველი ბექა ლილუაშვილი ესწრებოდნენ.
 
როგორც პრემიერმა შეხვედრაზე განაცხადა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლისა და მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად, მთავრობისთვის პრიორიტეტია ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარება. ასევე, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ეფექტურად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომლებიც ვირუსის გავრცელებით შეიძლება მიადგეს ქვეყნის ეკონომიკას.
 
აღსანიშნავია, რომ დღეს მთავრობის მეთაურმა ეკონომიკურ გუნდს დაავალა დღის ბოლომდე წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა. გიორგი გახარიას განცხადებით, სწორედ ბიზნესთან შეხვედრის შემდეგ გაიმართება შეხვედრა ეკონომიკურ გუნდსა და ეროვნულ ბანკთან.
 
"რაც შეეხება მასტიმულირებელ ინსტრუმენტებს ეკონომიკისთვის, ამ შეხვედრის შემდეგ გვექნება შეხვედრა ეკონომიკურ გუნდთან და ეროვნულ ბანკთან და აქედან მინდა წავიღო წინადადებები. ჩვენ ღია ვართ და პირდაპირ მეუბნებით ყველაფერს. მე ვიწერ, ხვალ გიბრუნდებით და გეუბნებით, რისი გაკეთება შესაძლებელია და რისი - არა. დარგების მიხედვით: ტურიზმი, დეველოპმენტი, მშენებლობა, მომსახურების სფერო, ვაჭრობა - უბრალოდ მეუბნებით ყველაზე ეფექტური რა შეიძლება იყოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოგცემთ გარანტიებს, რომ ყველა თქვენს მიერ დაყენებული საკითხი ხვალვე გადაწყდება 100%-ით, მაგრამ ძირითადი მასტიმულირებელი ინსტრუმენტები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სახელმწიფომ, ჩვენ ერთად უნდა განვსაზღვროთ,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები