01 ივნისი 2020,   17:35
ვრცლად
სიფრთხილე და არა შიში! - სალომე ზურაბიშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა COVID 19-ის გავრცელებისა და ამის გამო პანდემიის გამოცხადებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააუქმა საერთაშორისო ვიზიტები, შეზღუდა სასახლეში სხვადასხვა ფორმატის მიღებები, გააუქმა ვიზიტები რეგიონებში, ხოლო ადმინისტრაციის თანამშრომელთა ნაწილი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. 

პრეზიდენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთ სიტუაციაში მაღალი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს როგორც საზოგადოების თითოეულმა წევრმა რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვით, ასევე პოლიტიკურმა პარტიებმა და მედიამ.

"იმ პირობებში, როცა სახელმწიფო მთელ ძალისხმევას მიმართავს ქვეყანაში პანდემიის შესაკავებლად, პოლიტიკური ძალები, ზუსტად ისე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას უნდა აცნობიერებდნენ. ამ დაავადებასთან და მის ეკონომიკურ შედეგებთან ბრძოლაში ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანნი და ეს ერთიანობა განაპირობებს ხვალინდელ გამარჯვებას. მინდა მივმართო მედიასაშუალებებს: თქვენს პროფესიონალიზმზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მიაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია, ყველა სიახლე, რაც ამ პროცესს ეხება. საზოგადოების სრულად და დროულად ინფორმირება თქვენი ვალდებულებაა. ამ პროცესის სწორი მართვისთვის აუცილებელია, ერთი მხრივ, გამჭვირვალობა, მოქალაქეებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, მეორე მხრივ კი აუცილებელია გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, როგორც პანიკის მთავარი წყაროსგან, თავშეკავება,"- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილმა, ასევე, გაიხსენა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც, მათი თქმით, ვირუსის გავრცელების პირობებში განსაკუთრებით დაუცველნი არიან.

დღის ამბები