01 ივნისი 2020,   16:40
ვრცლად
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ალკოტესტი ამონასუნთქი ჰაერის ნაცვლად სისხლის ანალიზის საფუძველზე ჩატარდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში მოქმედ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება, კერძოდ, აიკრძალება პატიმრებთან ხანგრძლივი და მოკლევადიანი პაემნები, ალტერნატივის სახით კი იუსტიციის სამინისტრო პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს სატელეფონო კომუნიკაციას სთავაზობს. რა ფორმით იქნება ეს კომუნიკაცია წარმოდგენილი, ამას მოგვიანებით იუსტიციის სამინისტრო განმარტავს.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან მყოფი პატიმრების ნათესავების ნაწილი სიახლის შესახებ უკვე ინფორმირებულია.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის განმარტებით, სასჯელაღსრულების შენობებში შესვლის წინ თანამშრომლები სპეციალურ დეზინფექციურ ხსნარებს მოიხმარენ და ასევე იყენებენ პირბადეებს ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებთან კომუნიკაციისას.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სიახლეა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშიც, სადაც ახალი წესის თანახმად, ალკოჰოლის ტესტი აღარ ჩატარდება ე.წ. ჩასაბერი მოწყობილობით და კვლევა მხოლოდ სისხლის ანალიზის საფუძველზე მოხდება. 

აღსანიშნავია, რომ ცვლილება არ ეხება ტესტს, რომელსაც პატრული მძღოლის გაჩერებისას ატარებს. ეს არის ტესტი, რომელიც მას შემდეგ კეთდება, როდესაც მძღოლი მისი ალკოჰოლური ზემოქმედების ყოფნასთან დაკავშირებით პატრულის დასკვნას ასაჩივრებს და ექსპერტიზის ბიუროს მიმართავს.

"მოქალაქეს თავისი სურვილით გადამოწმების შემთხვევაში შეუძლია დანიშნოს ჩვენთან ექსპერტიზა. უმეტეს შემთხვევაში ეს ექსპერტიზა ამ მიზნით ინიშნება. ახლა ჩვენ არ ვზღუდავთ მოქალაქეს, მათ შეუძლიათ გადაამოწმონ თავიანთი პასუხი ალკოჰოლის შემცველობასთან დაკავშირებით მათ ორგანიზმში, თუმცა ეს ამონასუნთქი ჰაერის ნაცვლად 1 აპრილამდე მოხდება მხოლოდ სისხლის ნიმუშით," - განაცხადა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ადმინისტრაციის უფროსმა თამარ მელაშვილმა.

დღის ამბები