04 აპრილი 2020,   09:16
ვრცლად
"აქ პანიკა დამხვდა, ასეთი მდგომარეობა მილანში ნამდვილად არ არის" - მილანიდან ქუთაისში კიდევ ერთი რეისი ჩამოფრინდა

ქუთაისის აეროპორტში იტალიიდან კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოფრინდა. მგზავრები ამჯერად მილანიდან ჩამოფრინდნენ. უსაფრთხოების მიზნით მგზავრებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს. არც ერთ მათგანს ვირუსის ნიშნები არ დაუფიქსირდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2-მდე გაიზარდა. 

მგზავრების თქმით, საქართველოში უფრო მძაფრად იგრძნობა პანიკა, ვიდრე ეს მილანში იყო, სამედიცინო შემოწმება კი ორივე აეროპორტში გაიარეს.

"შემოწმება გავიარე. აქ პანიკა დამხვდა. ასეთი მდგომარეობა მილანში ნამდვილად არ არის, უბრალოდ ადამიანები საზოგადოების თავშეყრის ადგილებს უფრო მეტად არიდებენ თავს," - განაცხადა მილანიდან ჩამოსულმა მგზავრმა.

მგზავრების თქმით, საქართველოს აეროპორტში ბლანკები შეავსეს, რათა ექიმები შემდგომაც დაუკავშირდნენ და მგზავრების მდგომარეობა გადაამოწმონ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, აუცილებელია მოსახლეობამ მთავრობის რეკომენდაციები დაიცვას.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ იმ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც მაღალი რისკია. დაიცვან მაქსიმალურად ჰიგიენის ნორმები," - აღნიშნა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

დღის ამბები