31 მარტი 2020,   06:07
ვრცლად
თავდასხმა თუ თავდაცვა - გუდაურში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატმა ახალი ვიდეოჩანაწერები წარადგინა

გუდაურის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ მთავარ ვიდეომტკიცებულებაში 28 წლის თაზო გორთამაშვილის მკვლელობაა აღბეჭდილი. ვიდეომასალაში ჩანს მერაბ კობიაშვილი, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან ცეცხლსასროლი იარაღით ხელში დგას. მას რამდენიმე ადამიანი ესხმის თავს, რა დროსაც მკვლელობისთვის დაკავებული რამდენჯერმე ისვრის.

მასალა დღეს ბრალდებულის უფლებადამცველმა გაასაჯაროვა. ტარიელ კაკაბაძე ამტკიცებს, რომ კაზინო გუდაურის სათვალთვალო კამერამ შემთხვევის ღამე დააფიქსირა. ჩანს ფაქტები თუ როგორ ესხმიან თავს ინციდენტში მონაწილე პირები მერაბ კობიაშვილს, რომელიც ადვოკატის თქმით, იძულებული ხდება აუცილებელი მოგერიების მიზნით ჯერ გამაფრთხილებელი, შემდეგ კი თავდაცვითი გასროლა განახორციელოს.

ადვოკატისგან განსხვავებით, დაპირისპირებისა და მკვლელობის სულ სხვა ვერსიას ყვებიან გარდაცვლილი 28 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები, რომლებმაც დღეს დეტალებზე საუბარი არ ისურვეს. ოჯახი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე საქმის დეტალურად გარკვევას ცდილობენ.

გარდაცვლილის ოჯახს ამ დრომდე ადვოკატი არ ჰყავს, დღეს მათ საქმეში უფლებადამცველი ნიკოლოზ წულეისკირი ჩართეს, რომელიც "კურიერთან" დეტალებზე ვერ საუბრობს, რადგან საქმის მასალებს ჯერ არ იცნობს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ ოჯახი სიმართლის დადგენასა და მერაბ კობიაშვილის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს.

გუდაურში 16 თებერვლის ღამეს ორ მხარეს შორის დაპირისპირება სამ სხვადასხვა ადგილზე მოხდა, საბოლოო ლოკაცია გუდაური კაზინოსთან იყო, სადაც რამდენიმე გასროლით თაზო გორთამაშვილი გარდაიცვალა, კიდევ ერთი პირი კი მძიმედ დაიჭრა. ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი დაჭრილი პირი მკურნალობას ამ დრომდე მცხეთის საავადმყოფოში განაგრძობს. მთავარი ექიმის განცხადებით, მას გამჭოლი ჭრილობა მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული. დაჭრილი პოლიციამ საავადმყოფოშივე გამოკითხა.

მომხდარზე გამოძიება მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. ამ დროისთვის უცნობია, შეცვლის თუ არა გარემოებას ბრალდებულის დაცვის მხარის მიერ გავრცელებული ვიდეომტკიცებულება.

დღის ამბები