31 მარტი 2020,   05:52
ვრცლად
თბილისი ევროსაბჭოს 47 ქვეყანას აღარ უმასპინძლებს - რუსეთის პოზიცია მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარების შესახებ უცნობია 

დიპლომატიური თავსატეხის გადაჭრა საქართველოს მნიშვნელოვანი დანაკარგით მოუწია. ქვეყანა ევროსაბჭოს იმ სახელმწიფოებს შეუერთდა, რომლებსაც მასპინძლობაზე უარის თქმა გარემოებებმა უბიძგა. თუმცა მიზეზი არა მასპინძლობაში, არამედ მეზობლის სტუმრობაშია, რომლის პირველ დიპლომატსაც სულ რომ არაფერი, საოკუპაციო კანონი აქვს დარღვეული და ქვეყანისთვის არასასურველი სტუმარია. თუმცა საგარეო უწყების არგუმენტაციაში იყო კიდევ ერთი საინტერესო დეტალი იმის შესახებ, რომ ქვეყანას რეპუტაციული საფრთხე შესაძლოა შიგნიდან დამუქრებოდა.

მმართველ გუნდისთვის ეს არსებულ მოცემულობაში ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი იყო. ამ პოზიციას "ოცნებაში" იმით ხსნიან, რომ ერთის მხრივ, შეუძლებელია გათვალო რუსული პროვოკაციის ფანტაზია, მეორეს მხრივ კი, დარტყმა ოპოზიციის მხრიდან. ამიტომ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან თათბირმა ერთობლივად მიღებული ამგვარი გადაწყვეტილება განაპირობა.

თავად ოპოზიციისთვის ბოლო სიახლე იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხია, რაც მათი ხედვით იმ საზოგადოებრივი რეაქციის შედეგია, რაც ლავროვის თბილისში შესაძლო ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციის გაჟღერებას მოჰყვა. ეს კი არ ყოფილა პირველი პროტესტი, სერგეი გავრილოვის ცნობილი ვიზიტის გამოცდილება თემას უფრო მწვავეს ხდის.

ჯერ უცნობია, როგორ შეხვდნენ ამ სიახლეს კრემლში. თავად რუსეთთან მომლაპარაკებელი ზურაბ აბაშიძე კი, თემის ირგვლივ სპეკულაციების წინააღმდეგია, რადგან მისი თქმით, ეს ეროვნული ინტერესებისგან შორს დგას. 

საქართველო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ნოემბერში გახდა. გაერთიანების წესების თანახმად, ყოველ 6 თვეში თავმჯდომარე საზეიმოდ აბარებს სიმბოლურ გასაღებს სხვა სახელმწიფოს, ეს კი იშვიათი გამონაკლისების გარდა, სწორედ პრეზიდენტ ქვეყანაში ხდება.

დღის ამბები