02 აპრილი 2020,   03:48
ვრცლად
რატომ მოკლა 18 წლის ბიჭმა დედა და ბებია ნაჯახით - დანაშაულიდან 48 საათის შემდეგაც კონკრეტული მოტივი გამოკვეთილი არ არის

დედისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის ბიჭს  განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბებია და დედა მათსავე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა.

მძიმე დანაშაულიდან თითქმის 48 საათის შემდეგაც არ არსებობს კონკრეტული მოტივი, რის გამო მოკლა 18 წლის ბიჭმა დედა და ბებია ნაჯახით. ზაზიაშვილის ქუჩაზე, იქ, სადაც შემთხვევა მოხდა, ერთი ტრაგედიის ორ მსხვერპლს ისე გლოვობენ, რომ მხოლოდ საზოგადოებაში გავრცელებულ ვერსიებს ეყრდნობიან - სავარაუდოდ, ორმაგი მკვლელობა მუდმივი კონფლიქტის გამო მოხდა. 

სიმართლე მხოლოდ ბრალდებულმა მიხეილ ზაუტაშვილმა იცის. დაკავებული მოზარდი საკუთარ პოზიციაზე არ საუბრობს. თუ ბრალდებულ მოზარდს ექსპერტიზის საფუძველზე შეურაცხადობა დაუდასტურდება, შესაძლოა, სასამართლოს გზით მძიმე დანაშაულზე შედარებით მსუბუქი სასჯელი მიიღოს. 

ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ხშირად იყო ძალადობის მსხვერპლი. სკოლაში განსხვავდებოდა ძალადობის ფორმებიც, აბრალებდნენ დანაშაულსაც, ფსიქოლოგიური ზეწოლა კი სახლშიც გრძელდებოდა. 

სკოლაში ბულინგს გამორიცხავს იმ სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაცია, რომელიც 2017 წელს მიხეილ ზაუტაშვილმა, გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ძალადობის გამო დატოვა. მე-4 საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, ახალგაზრდას სავარაუდო ჩაგვრის შესახებ არსად არაფერი უთქვამს. სხვა სკოლაში გადასვლის მიზეზად კი ოჯახმა წლების წინ პროფესიულ სასწავლებელში განათლების მიღების გაგრძელების სურვილი დაასახელა.

პოლიციას უკვე აქვს სათვალთვალო კამერის ჩანაწერიც. ვიდეოფაილი ასახავს ეპიზოდს, როდესაც სავარაუდო დამნაშავე შემთხვევის ადგილს ტოვებს და აღიარებს, რომ მკვლელია.  

გამოძიებამ კითხვა დასვა იმ მიმართულებითაც, ხომ არ უკავშირდება დანაშაული ინტერნეტთამაშებს, თუმცა მოწმეთა ზეპირი ჩვენებების გარდა, კონკრეტული მტკიცებულებები პროკურატურას ჯერ არ აქვს.

დღის ამბები