30 მარტი 2020,   01:49
ვრცლად
აჭარის მთავრობა ტროლებისა და ბოტების ქარხანას აფინანსებს - ამის შესახებ აჭარის მთავრობის სახლთან ბრიფინგი "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამართა

აჭარის მთავრობა ტროლებისა და ბოტების ქარხანას აფინანსებს - ამის შესახებ აჭარის მთავრობის სახლთან ბრიფინგი "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამართა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რევაზ ხარაზი შესაბამის უწყებებს საქმის შესწავლისა და გამოძიების მოთხოვნით მიმართავს და ამბობს, რომ აღნიშნულ საქმეზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ უნდა აგოს პასუხი.

"საჯარო მოხელეებს აბულინგებენ და აიძულებენ, რომ დაწერონ კომენტარი რიჟვაძის თურმე აი ამ დიდებულ და 6 მილიარდიან ინვესტიციებზე. საჯარო მოხელეების გარდა, მათ ჰყავთ მათი მხარდამჭერები, რომლებიც დღეს პირდაპირ უტევენ აჭარის ტელევიზიას კრიზისულ მომენტში. გადახედეთ და ნახეთ, ყველა კრიზისულ დროს "რივიერას" თემაზე, აჭარის ტელევიზიის თემაზე და ყველგან, ეს ადამიანები წერენ კომენტარებს, ეს ადამიანები აყენებენ შეურაცხყოფას ხალხს.

მივმართავთ ყველა იმ უწყებას, რომლის ვალდებულებაც არის შეისწავლოს და გამოიძიოს ეს საქმე და კონკრეტულმა ადამიანებმა კი არა, მთავრობის თავმჯდომარემ უნდა აგოს ამაზე პასუხი," - აცხადებს რევაზ ხარაზი.

საქმე ეხება ფაქტს, რომელიც გუშინ მოხდა. თორნიკე რიჟვაძის პრესსამსახურის თანამშრომელმა ნონა კვასტიანმა ჟურნალისტების ჩატში შეცდომით მესიჯი ჩააგდო, სადაც ვიღაც "ჩვენებს" თხოვნით მიმართავს, რომ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში მონაწილეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე იღებს და საჭიროა ბრძოლა კარგი კომენტარებისთვის.

რამდენიმე წუთში ავტორმა შეტყობინება წაშალა და ჩატი დატოვა. ამ ფაქტის შემდეგ პრესსამსახურის მეორე თანამშრომელი თავის გამართლების რეჟიმში ჟურნალისტების ჩატში წერს, რომ ნონა კვასტიანი შეუძლოდაა და ეს მათი მუშაობის მეთოდი არ არის.

აჭარის მთავრობაში დღეს ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. პრესსამსახურში ჟურნალისტების ზარებს არ პასუხობენ.

დღის ამბები