05 აპრილი 2020,   01:57
ვრცლად
მოუწევთ თუ არა ჟურნალისტებს სარედაქციო პოლიტიკის დასაცავად გაფიცვა - აჭარის ტელევიზიაში ცვლილებები გრძელდება

სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობა - ეს ის პირველი და ძირითადი მოთხოვნაა, რომელიც აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა დირექტორის ახალ მოადგილეს წაუყენეს. ვახო ხუზმიაშვილი და ახალი ამბების რედაქტორი ნინო ხაჟომია დღეს თანამშრომლებს შეხვდნენ. ჟურნალისტებს ახალ თანამშრომლებთან კითხვები მაუწყებელში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ჰქონდათ და სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიებს ითხოვდნენ.

აჭარის ტელევიზიაში ცვლილებების პარალელურად, თბილისის ბიუროს ჟურნალისტმა პროტესტის ნიშნად მაუწყებელი დატოვა. ოფიციალურ განცხადებაში ნინო ხოზრევანიძე წერს, რომ აჭარის ტელევიზიის დირექტორი მიზანმიმართულად ანადგურებს მაუწყებლის იდეას.

თბილისის ბიუროს ჟურნალისტის ბრალდებები გაუგებარია აჭარის ტელევიზიის დირექტორისთვის. გიორგი კოხრეიძის თქმით, ამ ბრალდებებს საფუძველი არ გააჩნია და კონკრეტული ფაქტების წარდგენას ითხოვს. კოხრეიძის თქმით, თუ ვინმე თვლის, რომ შრომითი უფლებები დაირღვა, სასამართლოს მიმართონ. ასევე მიმართავს ჟურნალისტებს შესაძლო გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებებს სიფრთხილით მოეკიდონ.

დირექტორის მოწოდების მიუხედავად, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტთა ნაწილი გაფიცვისთვის ემზადება. მთავარი მოთხოვნები შრომითი უფლებები და სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიაა. ალტერნატიული პროფკავშირი მოთხოვნების დოკუმენტზე მუშაობს და მენეჯმენტს, სავარაუდოდ, ხვალ მიმართავს.

საკუთარი უფლებების დაცვას და სამართლებრივად ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის უკვე ყოფილი მოადგილეც. გიორგი კოხრეიძემ მაია მერკვილაძეს ჯერ არარსებული თოქ-შოუს პროდიუსერობა და რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორობა შესთავაზა. მერკვილაძემ დირექტორის შეთავაზება მიიღო და ახალ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ერთგვარი ტაქტიკით ხსნის.

ხელშეკრულება, რომლითაც მაია მერკვილაძე აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე ოთხი წლის განმავლობაში იყო, 24 თებერვალს გაუქმდა. გადაწყვეტილებას მხარი მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა დაუჭირა. 19 თებერვალს კი ტელევიზიის ჟურნალისტების ხმაურიანი პროტესტის ფონზე ტელევიზიაში 4 საშტატო ერთეული გააუქმეს, მათ შორის, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის. უახლოეს დღეებში გაირკვევა მოუწევთ თუ არა ჟურნალისტებს სარედაქციო პოლიტიკის დასაცავად გაფიცვა.

 ავტორი: ქეთი ზანთარაია

დღის ამბები