02 აპრილი 2020,   03:32
ვრცლად
კორონავირუსი და მსოფლიო - წითელი და მწვანე ზონები რუკაზე 

ვირუსმა ოფიციალური სახელწოდებით „კოვიდ 19“ - 2 627 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ შორის, ყველაზე მეტი, 2593 მოქალაქე გარდაიცვალა ჩინეთში, სადაც ის 2019 წლის 31 დეკემბერს აღმოაჩინეს. სულ ამ ეტაპზე, კორონავირუსით 79 731 ადამიანია დაავადებული. თუმც, სტატისტიკა დაავადებული და გარდაცვლილი ადამიანებისა თითქმის ყოველ საათში იცვლება, ისევე როგორც "კოვიდ 19-ის" გავრცელების გეოგრაფიული არეალი.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა ქუვეითსა და ბაჰრეინში.

კორონავირუსის გავრცელების არეალმა მოიცვა ევროპის ქვეყნები. მათ შორის იტალია, სადაც ბოლო რამდენიმე დღეა გაიზარდა დაავადებულთა რიცხვი. 224 ადამიანი ებრძვის ამ დროისთვის ვირუსს, 5 მოქალაქე კი გარდაიცვალა. კორონავირუსის გამო ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში კარანტინია გამოცხადებული.

იტალიის გარდა, კორონავირუსის შემთხვევებია დაფიქსირებული ევროპის კიდევ 7 ქვეყანაში.  მათგან ყველაზე მეტი, 16 შემთხვევა  გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში - 13, საფრანგეთი - 12 შემთხვევა და 1 გარდაცვლილი.

ბელგია, ფინეთი, შვედეთი - ამ ქვეყნებში ვირუსით დაავადების თითო შემთხვევაა დაფიქსირებული ბელგიაში, ფინეთსა და შვედეთში, ესპანეთში - ორი შემთხვევა.

საგანგაშო სიტუაციაა ირანში, რომელთანაც საქართველოს როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო მიმოსვლა აქვს. თუმცა ამ დროისთვის საჰაერო მიმოსვლა შეწყვეტილია და შესაძლოა, შეწყდეს სახმელეთო მიმოსვლაც. ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ბოლო მონაცემებით, რომელიც ძალიან ხშირად იცვლება, დაავადების 64 შემთხვევა დაფიქსირდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ასევე, გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით, სამხრეთ კორეაშია- 833 ადამიანია დაავადებული „კოვიდ 19-ით," 8 შემთხვევა კი ფატალურად დასრულდა.

კორონავირუსი, ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების გარდა, გავრცელებულია კიდევ 12 ქვეყანაში.  მათ შორის ავსტრალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, ტაილანდში, ინდოეთსა და სინგაპურში.

კორონავირუსის 691 შემთხვევა დაფიქსირდა საკრუიზო გემ Diamond Princess-ზე. 3 შემთხვევა ვირუსით დაავადებულებისთვის ფატალურად დასრულდა. საკრუიზო ლაინერი 4 თებერვლიდან კარანტინშია იაპონიის ერთ-ერთ პორტში.

 

დღის ამბები