02 აპრილი 2020,   05:00
ვრცლად
ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ - მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა

ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ. ისინი დღეს შახტში სამუშაოდ არ ჩავიდნენ. მეშახტეების მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.

ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაცია უქმდება და ნახშირის მოპოვების სამუშაოებისთვის მეშახტეები ძიძიგურის შახტს, მინდელის სახელობის შახტიდან დაუკავშირდებიან. მეშახტეების თქმით, ეს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას იწვევს, რადგან მათ გადაადგილება მიწის ქვემოთ სავენტილაციო გვირაბით მოუწევთ.

როგორც მეშახტეები ამბობენ, მუშაობა რთულ პირობებში უწევთ, შახტში ერთი კვირაა გაფუჭებულია ელმავალი, რის გამოც 6 კილომეტრის მანძილზე ფეხით გადაადგილდებიან.

ძიძიგურის სახელობის შახტის 200-ზე მეტი თანამშრომელი მინდელის შახტში მათი გადაყვანის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. მეშახტეების თქმით, ძიძიგურის შახტის რეაბილიტაცია სპეციალურად მოფიქრებული მიზეზია და რეალურად დამქირავებელი დასაქმებულთა შემცირებას ამ ფორმით ეტაპობრივად აპირებს. საპროტესტო აქციის მონაწილეები მინდელის შახტის ტექნიკურ გაუმართაობაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ტყიბულში ბოლო წლებში დატრიალებული ყველა ტრაგედია სწორედ ამ შახტს უკავშირდება.

ტყიბულში მეშახტეების პროტესტს დღეს პროფკავშირების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მეშახტეთა გაერთიანების ხელმძღვანელის განმარტებით, მინდელის შახტში შექმნილი სამუშაო პირობები სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. შესაბამისად, იქ დამატებით 200 დასაქმებულის გადაყვანა შესაძლო ინციდენტების რისკებს გაზრდის.

მეშახტეების საპროტესტო მოთხოვნებს უპასუხეს კომპანია "ქოალ ოფ ჯორჯიაში". კომპანიაში, რომელიც ტყიბულის შახტების გაერთიანებას რამდენიმე თვეა მართავს, აცხადებენ, რომ მეშახტეების პროტესტი უსაფუძვლოა. კომპანიის დირექტორის თქმით, შემცირება არ იგეგმება და მეშახტეები 3 თვის შემდეგ კვლავ ძველ სამუშაო ადგილს დაუბრუნდებიან.

ტყიბულის გაფიცულ მეშახტეებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებებში ჩართვას არასამთავრობო სექტორის ნაწილი გეგმავს. ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ, რომ სახელმწიფომ და ინვესტორმა მეშახტეებს დანაპირები არ შეუსრულეს. არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას ტყიბულში მოქმედი ყველა შახტის გაჩერებას და მეშახტეების კომპენსაციებით უზრუნველყოფას სრული რეაბილიტაციის დასრულებამდე სთხოვს.

ტყიბულში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მცდელობის მიუხედავად, "კურიერთან" საუბარი დღეს ეკონომიკის სამინისტროდან არავინ ისურვა. უწყება, რომელმაც ტყიბულელებს რამდენიმე თვის წინ ახალი ინვესტორი და სამომავლო ხედვები წარუდგინა, ჯერჯერობით დუმს. შესაბამისად, უცნობი რჩება ვინ შეასრულებს მედიატორის როლს მოდავე მხარეებს შორის. გაფიცული მეშახტეები დათმობას და სამუშაო სივრცის შეცვლას არ აპირებენ.

დღის ამბები