05 აპრილი 2020,   02:23
ვრცლად
მსოფლიო გლობალური პანდემიის ზღვარზეა - კორონავირუსის პირველი შემთხვევები ავღანეთსა და ბაჰრეინშიც დადასტურდა 

მსოფლიო გლობალური პანდემიის ზღვარზეა. ვითარებას ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის მიერ დღეს გავრცელებული ანგარიში კიდევ უფრო ართულებს. დოკუმენტში წერია, რომ 195 პაციენტს კორონავირუსი ხელმეორედ დაუდგინდა. სწორედ ამიტომ, ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების 14-დღიან კარანტინში მოთავსების განკარგულება გასცა.

ჩინეთის გარდა, რთული ვითარებაა ირანში. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ადგილობრივმა მოსახლეობამ კორონავირუსით ინფიცირებულთა ტალიშის რაიონში გადაყვანა გააპროტესტა.

ირანელების პროტესტი და გაღიზიანება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც გაირკვა, რომ ქვეყანაში "კოვიდ 19-მა" უკვე 12 მოქალაქე იმსხვერპლა.

ირანელი დეპუტატის აჰმად ამირაბად ფარაჰანის მტკიცებით, სტატისტიკა გაცილებით მძიმეა და მხოლოდ ქალაქ ყუმში უკვე 50 ადამიანია დაღუპული. ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ირანის ჯანდაცვის სამინისტრო.

ირანთან თურქეთმა, პაკისტანმა, ავღანეთმა და სომხეთმა საზღვრები ჩაკეტეს. გადაადგილების შეზღუდვის მიუხედავად, კორონავირუსის გავრცელების გეოგრაფიული არეალი იზრდება.

პირველი შემთხვევები ერაყში, ქუვეითში, ავღანეთსა და ბაჰრეინშიც დადასტურდა. სამხრეთ კორეაში კი საგანგაშო მდგომარეობა გამოცხადდა. დამცავი ნიღბების შესაძენად მოქალაქეებს უზარმაზარ რიგში უწევთ დგომა.

ახალმა კორონავირუსმა იტალიის მოქალაქეებიც იმსხვერპლა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 6 და ინფიცირებულია 230 ადამიანი. ახალი კორონავირუსის გამო ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში კარანტინია გამოცხადებული. ვენეციის კარნავალი კი ვადაზე ადრე შეწყდა.

მაშინ, როდესაც ახალ კორონავირუსს ჩინეთის გარდა მსოფლიოს 30 ქვეყანაში ებრძვიან, ფილიპინებზე 220 წყვილი დაქორწინდა. მასობრივი ქორწილი უჩვეულოდ - ნიღბებით გაიმართა. 

დღის ამბები