04 აპრილი 2020,   10:21
ვრცლად
ადგილობრივების ინფორმაციით, კირბალიდან გატაცებული 17 წლის მოზარდის ოჯახი სოციალურად დაუცველია

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, რომლებმაც გუშინ საღამოს გორის რაიონის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე 17 წლის მოზარდი დააკავეს, ოჯახს ამ დრომდე არ დაკავშირებიან.

"კურიერის" ინფორმაციით, 17 წლის მოზარდის ოჯახთან კონტაქტზე ჯერჯერობით მხოლოდ ქართული მხარეა.

როგორც ადგილობრივები "კურიერთან" საუბრისას აცხადებენ, უკანონოდ დაკავებული მოზარდის ოჯახი სოციალურად დაუცველია.

"წუხელ წაიყვანეს, დაიჭირესო. პატარა ბიჭია. უჭირს ოჯახს, ხომ ვერ იყიდიან შეშას და შეშის მოსატანად ყოფილა წასული," - განაცხადა ადგილობრივმა.

"ყველაზე უფროსი ეგ ჰყავთ. სოციალურად დაუცველები არიან. მართლა გაჭირვებული ხალხია. მამაც დაჭერილი იყო, ახლა გამოვიდა ციხიდან," - აღნიშნა კიდევ ერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა.

გორის მერიის წარმომადგენლის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ გუშინ საღამოს სოფელ კირბალიდან არასრულწლოვანი მოქალაქე წასული იყო შეშის მოსატანად. ეს ინფორმაცია მოწოდებული არის მამამისისგან. დანარჩენი კონკრეტული ინფორმაცია, ზუსტად რა ადგილას დააკავეს და როგორ დააკავეს არ ვიცი. ცხელი ხაზი ამოქმედებულია და ველოდებით მოვლენების განვითარებას," - განაცხადა მერიის წარმომადგენელმა დავით ცერცვაძემ.

საოკუპაციო რეჟიმმა მოზარდი გაიტაცა. არასრულწლოვანი ცხინვალის მილიციაშია გადაყვანილი. 17 წლის მოზარდი გორის რაიონის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში შეშის შეგროვებისას დააკავეს. ბავშვის უკანონო დაკავება საოკუპაციო ზოლთან ახლოს მოხდა, მასთან ერთად მყოფმა რამდენიმე პირმა გაქცევა მოასწრო, მოზარდი კი შეიარაღებულმა პირებმა ოკუპირუბილი ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს.

 

დღის ამბები