04 აპრილი 2020,   10:25
ვრცლად
7 ნოემბრის აქციის დარბევა და შეჭრა "ტელეიმედში"- საქმეზე გადაწყვეტილება სასამართლოს მერაბიშვილის წინააღმდეგ ჯერ არ მიუღია

ვანო მერაბიშვილმა მატროსოვის ციხე დილის 10 საათზე დატოვა. ის საპატიმროდან პოლიტიკური ამბიციებით გამოვიდა, თუმცა პარტია, ვისთანაც ითანამშრომლებს დღეს არ დაუსახელებია.

თავისუფლება, რომელიც ვანო მერაბიშვილმა მინისტრობის დროს ჩადენილი დანაშაულების გამო 7 წლის წინ დაკარგა, დღეს დაიბრუნა. ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსულ ყოფილ შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრს ახალ რეალობასთან შეგუების იმედიც, სამარტოო საკანში გატარებული წლების დროს გამყარებული სიმტკიცით გაუჩნდა.

ახალი ენერგია ვანო მერაბიშვილს, მის წინააღმდეგ აღძრულ კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეში საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად დასჭირდება იმისთვის, რომ ძველ მისამართზე აღარ დაბრუნდეს.

2007 წელს აქციის დარბევისა და "ტელეიმედში" შეჭრის საქმეზე, ყოფილი მაღალჩინოსანი სასამართლოს გადაწყვეტილებას საპატიმროში აღარ დაელოდება.

ამბიციური გზავნილები ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თანამდებობის და იმ გუნდის გარეშე გააჟღერა, რომელშიც წლების წინ, დიდი გეგმებით გაწევრიანდა. თუმცა, ციხიდან ახალ გამოსულს აქვს იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც წარსულშიც და ახლაც მის გვერდით არიან.

ერთ კონკრეტულ ეპიზოდზე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გამარჯვების გამოცდილება უკვე აქვს. სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის უფლებების დარღვევის გამო ხელისუფლებას კომპენსაცია დააკისრა და გამოძიების განახლება მოსთხოვა, თუ ვინ და რა მიზნით გაიყვანა სამარტოო საკნიდან 2013 წელს.

ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, მიმართა იმ ადამიანებსაც, რომლებსაც 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.

თავისუფლების აღკვეთის 7-წლიან სასჯელს, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის პრობლემები კიდევ უფრო ართულებდა, რის გამოც ყოფილი მაღალჩინოსანი ხშირად ე.წ მატროსოვის ციხიდან კლინიკაში გაჰყავდათ და რამდენიმე დღეში უკან აბრუნებდნენ. ამჯერად კი, სასჯელაღსრულების დაწესებულება მან განუსაზღვრელი ვადით დატოვა.

დღის ამბები