31 მარტი 2020,   05:00
ვრცლად
სასტიკი მკვლელობა ყარაჯალაში - ქმრის მიერ ყოფილი ცოლის მკვლელობის მოტივზე ორი განსხვავებული ვერსია ვრცელდება

გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში ყოფილ მეუღლეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, დაახლოებით, ღამის 12:00 საათზე მოხდა. აღსანიშნავია, რომ წყვილი თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში ერთად არ ცხოვრობდა. დილის 11 საათზე ორი ოჯახის კრებაზე უნდა გადაეწყვიტათ - შერიგდებოდნენ თუ ერთმანეთს საბოლოოდ დაშორდებოდნენ. მაგრამ 33 წლის თელმან მუსტაფაევმა საუბარზე უარი განაცხადა და 10 წლით უმცროს მეუღლეს, ფატია ჰუსეინოვას ყელი დედის და მცირეწლოვანი შვილების თვალწინ გამოჭრა.

მოკლული ქალის ნათესავები აცხადებენ, რომ თელმან მუსტაფაევი ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარდა და სისტემატიურად ძალადობდა, როგორც 23 წლის ცოლის, ისე მცირეწლოვანი შვილების და სიდედრის მიმართაც კი. ამის გამო 6 თვით დაკავებულიც იყო.

განსხვავებული პოზიცია აქვთ სოფელ ყარაჯალარში, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენის ოჯახის წევრებს და მეზობლებს. მათი განცხადებით, თელმან მუსტაფაევი ნარკოტიკს არ მოიხმარდა, იყო კარგი მეოჯახე და ცოლ-შვილისთვის სოფლის ცენტრში ახალ სახლს აშენებდა. ბრალდებულის ახლობლები მკვლელობის მოტივად ეჭვიანობას ასახელებენ.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

ავტორი: დავით ცაგარელი

დღის ამბები