02 აპრილი 2020,   03:36
ვრცლად
ოკუპანტების მორიგი პროვოკაცია - ოკუპირებულ ორჭოსანში მომხდარ ინციდენტს საგარეო საქმეთა მინისტრი მიუნხენიდან გამოეხმაურა

ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან ღამით, მანათობელი მაშხალები გაისროლეს. შემთხვევა უკანონოდ დისლოცირებული სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სულ მცირე 5 გასროლა იმ ადგილზე მოხდა, სადაც საოკუპაციო ხაზი გორის ავტომაგისტრალთან ყველაზე ახლოსაა.

ფაქტი "ქართლი ჯი"-ს ჟურნალისტმა საბა წიწიკაშვილმა, შემთხვევით თბილისიდან გორისკენ მიმავალ გზაზე გადაიღო. ის ყვება, რომ სროლებს შორის ინტერვალი დაახლოებით 30 წამი იყო და იქვე ორი მანქანა მოძრაობდა.

რას ეძებდნენ, ან რატომ ისროდნენ ოკუპანტები ამ დრომდე უცნობია. სპეციალურმა უსაფრთხოების სამსახურმა გამაფრთხილებელი მაშხალების გასროლის შესახებ ინფორმაცია, დღეს გაავრცელა. უწყებამ აამუშავა ცხელი ხაზი, ოკუპანტების უკანონო ქმედების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ოკუპანტების მიერ მაშხალების გასროლას პოლიტიკოსები საერთო კონტექსტში - სხვა უკანონო ქმედებებთან ერთად განიხილავენ. საოკუპაციო ხაზთან მაშხალის სროლები მათი აზრით, სიტუაციის დაძაბვას ემსახურება.

ორჭოსანში მომხდარ ინციდენტს მიუნხენიდან საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა.

საოკუპაციო სამხედრო ძალების წარმომადგენლები დღეს, ე.წ გამყოფ ხაზთან არ გამოჩენილან.

დღის ამბები