02 აპრილი 2020,   03:06
ვრცლად
ნაგავსაყრელად და საპირფარეშოდ ქცეული მიწისქვეშა გადასასვლელები - ქუთაისში ფეხით მოსიარულეებს გზებზე გადასვლა სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ

ქუთაისში მიწისქვეშა გადასასვლელებს დანიშნულება შეეცვალა და ახლა ღია საპირფარეშოდ არის ქცეული. გარდა იმისა, რომ გაუსაძლისი სუნის გამო გადასასვლელით სარგებლობა შეუძლებელია, ადგილი ნაგავსაყრელადაც გამოიყენება. ხშირ შემთხევაში ფეხით მოსიარულეებს ქუჩის რთულ მონაკვეთზე გადასვლა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად უწევთ.

ქალაქში, ნიკეასა და ჭავჭავაძის ქუჩის კვეთასთან, უფუნქციო სამი მიწისქვეშა გადასასვლელია. ახალგაზრდობის გამზირზე, ტექნიკური უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარესა და რუსთაველის გამზირზე სადაც ბაზრობაა განთავსებული. ანტისანიტარიის გამო არამხოლოდ სარგებლობა არამედ, დახლზე დალაგებული პროდუქტების ყიდვაც კი ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

როგორ უნდა გახდეს ქუთაისში მიწისქვეშა გადასასვლელები კომფორტული და უსაფრთხო? - ადგილობრივ მერიაში ამბობენ, რომ ამ საკითხზე დიდი ხანია საუბრობენ. პრობლემის მოგვარებაზე საუბარი ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყეს, 2018 წელს დასუფთავების სამსახურმა გარკვეული სამუშაოები ჩაატარა. იგეგმებოდა გადასასვლელების მოხატვა და ტერიტორიის ე.წ "ანდერგრაუნდ" სივრცედ გადაქცევა, სადაც სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები გაიმართებოდა.

მოგვიანებით კი, მერიამ მიწისქვეშა გადასასვლელები აუქციონზე გაიტანა, თუმცა არავინ დაინტერესებულა. მერიაში ამბობენ, რომ პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია და გადასასვლელები სათანადოდ მოწესრიგდება.

მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებულ ანტისანიტარიაზე, ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები, პერფორმანსით და სხვადასხვა აქტივობებით ცდილობენ ადგილობრივებს სამოქალაქო პასუხიმგებლობა აგრძნობინონ.

დღის ამბები