02 აპრილი 2020,   02:56
ვრცლად
უბისას მონაკვეთზე ახალი გზის მშენებლობა შეჩერდა - ჩინური კომპანიის ყოფილი თანამშრომელი "კურიერთან" საგანგაშო დარღვევებზე საუბრობს

შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით, რიკოთის უღელტეხილზე, უბისას მონაკვეთზე ახალი გზის მშენებლობის სამუშაოები დროებით, მოკვლევის დასრულებამდე შეჩერდება. გადაწყვეტილება 14 თებერვლის შემთხვევას უკავშირდება, როდესაც მშენებელი კომპანიის საწარმოს რკინის კონსტრუქციის ჩამოშლისას 3 მუშა დაშავდა,  რომელთაგან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. 

შემთხვევის ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა დამსაქმებელი და პროფკავშირები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ვერსიებზე საუბრობენ.

სამშენებლო ობიექტის ყოფილმა თანამშრომელმა "კურიერს" ვიდეო გამოუგზავნა, რომელიც სამშენებლო ობიექტზე არსებულ პირობებს ასახავს. ანტისანიტარია, გარემოსთვის მიყენებული სავარაუდო ზიანი, დამატებითი სამუშაოს იძულება - ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომლის ჩვენებაც კადრების ავტორს საზოგადოებისთვის სურდა. როგორც ჩვენი რესპონდენტი ამტკიცებს, სწორედ ეს ჩანაწერები გახდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველიც.

საფრთხე, რომელზეც ბექა ჭეიშვილი "კურიერთან" საუბრობდა, რამდენიმე დღეში რეალობად იქცა. ის იმ კომპანიაში იყო დასაქმებული, რომელიც საგზაო სამუშაოს შორაპანი-უბისას მონაკვეთზე ახორციელებდა. ეს სწორედ ის ობიექტია, რომელზეც დასაქმებული საუბრობდა და რომლის ტერიტორიაზე რკინის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად სამი მუშა დაშავდა. 

რიკოთის 13 კმ-იან ახალ გზას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაცია აშენებს, რომელთანაც ხელშეკრულება 2018 წელს გაფორმდა. კომპანიის მენეჯმენტი უბისას მონაკვეთზე საწარმოს ჩამონგრევას დიდთოვლობას უკავშირებს. მათი ვერსიით, კონსტრუქციის სახურავმა თოვლის საფარის სისქეს ვერ გაუძლო.

ობიექტზე დასაქმებულები კი ვარაუდობენ, რომ კონსტრუქცია უსაფრთხოების ნორმების დარღვევიდან გამომდინარე ჩამოინგრა. მათი თქმით, შემთხვევის დღეს განსაკუთრებული დიდთოვლობა არ ყოფილა.

სწორედ უსაფრთხოების წესების დარღვევაზე მიუთითებენ პროფკავშირებშიც. ორგანიზაციას ჯანდაცვის სამინისტროს საშუალებით დასაქმებულთა შრომით პირობებზე კომპანიასთან მედიაციის ფარგლებში დავაც ჰქონდა დაწყებული, თუმცა მოლაპარაკების ვადა უშედეგოდ ამოიწურა. პროცესებმა შესაძლოა სასამართლოში გადაინაცვლოს.

გზის სამშენებლო სამუშაო ამ ეტაპზე შეჩერებულია. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ მოკვლევის დაწყების პარალელურად მიიღო.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ის სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება მიიღო.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი



 

დღის ამბები